ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი ირწმუნება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას შედარებით დაბალ ფასად შეეცდება, რათა მომავალი წლის ზაფხულში ის საერთოდ უფასოდ არ გაუშვას.
ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, “ბორუსია” ლევანდოვსკის შვიდ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელევა.
პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” უნდათ, მაგრამ მთავარი პრეტენდენტი მაინც ლონდონის “არსენალია”.
“მეთოფეებს” გოლეადორის ყიდვის დიდი სურვილი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მაღალ დონეზე თამაშობს.
გარდა ამისა, Daily Star-ის ცნობით, ლონდონელებისთვის ლევანდოვსკის სატრანსფერო ფასიც მისაღებია.
პოლონელის საკუთარ რიგებში ხილვა მიუნხენის “ბაიერნსაც” სურს, მაგრამ დორტმუნდელებს ფეხბურთელის უშუალო კონკურენტისთვის მიყიდვა არ უნდათ.
აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკის “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.