ფეხბურთი

12:42 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაღლილი ქეცბაია

2003 წლის 29 მარტს, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ანგარიში დაფმა გახსნა, მეორეში კობიაშვილმა გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, დოჰერტიმ, რომელიც კლუბში მცველად თამაშობდა, ნაკრებში კი ფორვარდად, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ფეხბურთელ თემურ ქეცბაიასთვის ხსენებული მატჩი სანაკრებო კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. პირველი ტაიმის შემდეგ, მან გასახდელში შესულმა, მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს უთხრა, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ეროვნული გუნდიდან მიდიოდა. ქეცბაიას მაგივრად მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი დემეტრაძე გავიდა.

კვირას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ირლანდიასთან 1:2 მარცხი, შესაძლოა საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, რაც ეროვნულ გუნდს თავკაცობს, ის ასეთი იმედგაცრულებული არ ყოფილა. საპრესკონფერენციო დარბაზში ნამდვილად არ იჯდა ყოველთვის საბრძოლოდ შემართული, ზოგჯერ ჟურნალისტებისთვის გაცემულ პასუხებში ხისტი ქეცბაია.  

ამის მაგივრად, ემოციებისგან დაცლილი ადამიანი ვიხილეთ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ განვლილი 5 წლის განმავლობაში დაიღალა და სამშობლოს სიყვარულის მიუხედავად, არ აპირებს ნაკრებს შეეწიროს. მანამდე მსგავსი რამ არ უთქვამს. თუნდაც, ფრაზა, რომ ნაკრებზე ჯვარი დაწერილი არ აქვს, მისგან არ გაგვიგია. აქამდე, ასეთი პესიმისტი ქეცბაია არავის უნახავს. მან ისიც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუ შოტლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებში გუნდი სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს, თანამდებობას დატოვებს.

სხვათა შორის, ქეცბაიამ შარშან განაცხადა, რომ ევრო-2016 შესარჩევში როგორც კი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანს დაკარგავს, პოსტიდან მაშინვე წავა. ირლანდიასთან წაგების შემდეგ, არაა გამორიცხული ეს უკვე ამ შემოდგომაზე მოხდეს.

ქეცბაიას მარცხი არავისთვის დაუბრალებია და პირიქით, ფეხბურთელების შესახებ თქვა – რაც შეეძლოთ გააკეთესო. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ძნელია მოთამაშეებით, რომელთა უმრავლესობასაც თავის კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, პრემიერლიგის ფეხბურთელებს გაუმკლავდეო. ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მეტოქეს ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩნენ. ნახევრად ხუმრობით ისიც თქვა: “როცა არ შეგიძლია, მიდი უკბინე აბა”. ოქრიაშვილის შეცვლის თაობაზე კი აღნიშნა: “მოკვდა კაცი მოედანზეო”. მას ისიც არ დაუმალავს, რომ ფეხბურთელები, რომლებისგან წლების განმავლობაში პროგრესს ელიან, ვერ “გაიზარდნენ”.

დაუღლელი არავინაა და ქეცბაიაც დაიღალა. ასეა, მწვრთნელობა ყველაზე უმადური პროფესიაა და ამ ადამიანებს ჩემოდნები სულ ჩალაგებული აქვთ.  

0.113612