ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” დასრულებული ნოემბრის ბაშოს გამარჯვებული და 29-კილოგრამიანი “იმპერატორის თასის” მფლობელი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც სუპერფინალურ დაპირისპირებაში (კეტტეი-სენი) იაპონელი მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმა დაამარცხა.
დამატებითი შერკინების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფავორიტად მიჩნეულმა 25 წლის მონღოლმა და მოულოდნელად დაწინაურებულმა იაპონელმა კიუშიუ ბაშო 14-14 მოგებით დაასრულეს.
წლის დასკვნითი სუპერტურნირის ბოლო დღეს “თეთრმა ფენიქსმა” ბულგარელი გულივერი კოტოოშუ იოლად აიტაცა და ევროპელ ოძეკი დოჰიოს მიღმა უვატენაგეთი “გადადგა”. მანამდე იყო ტოიონოშიმასა და ტურნირის კიდევ ერთი სენსაცია კისენოსატოს დაპირისპირება. ეს უკანასკნელი იმით გამოირჩა, რომ ბაშოს დასაწყისში ჰაკუჰოს პირველი და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი მარცხი აგემა, თუმცა, თანამემამულესთან ჯახში ძალები არ ეყო და ოშიტაოშით წააგო.
გადამწყვეტ შერკინებაში დიდმა ჩემპიონმა 27 წლის ტოიონოშიმა მოროძასიში (ორივე ხელიდან მეტოქის კორპუსში შეტევა) არ შეუშვა, ჰიდარი-უვატე (მოწინააღმდეგის მავაშის მარჯვენა ხელიდან დაჭერა) დააფიქსირა და იაპონელის ზურგით შეტრიალების შემდეგ, ოკურინაგე განახორციელა.
ცხადია, მომავალ ბანძუკეში (რეიტინგი) 25 წლის ჰაკუჰო იგივე მუნხბატ დავააჯარგალი იოკოძუნას ტიტულს შეინარჩუნებს, მასთან უახლოეს პოზიციას კი 38 წლის იაპონელი ვეტერანი ოძეკი კაიო დაიკავებს, რომელმაც 12 გამარჯვება მოიპოვა. ამ უკასკნელმა ბოლო შეხვედრაში ესტონელ ბარუტოს (11 მოგება) იშვიათი ილეთით (ტოტტარი) აჯობა, კიდევ ერთი ოძეკი – ხსენებული კოტოოშუ კი 8 წარმატებულ ორთაბრძოლს დასჯერდა და დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) ძლივს “გავიდა”.
სამწუხაროა, მაგრამ ქართველთაგან კაჩი-კოშის დაფიქსირება მხოლოდ თეიმურაზ ჯუღელმა მოახერხა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა, რომელიც ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სუმოისტად ითვლება, ბაშოს მე-2 ნახევარი ჩინებულად ჩაატარა და საწადელსაც მიაღწია.
ტურნირის დასკვნითYტურში, აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე 23 წლის ქართველს მე-16 მაეგაშირა შოტენროსთან არანაირი პრობლემა არ შექმნია. გაგამარუმ 28 წლის მონღოლი ოშიდაშით დაამარცხა და ბოლო 9 შერკინებიდან მე-8 (!) სათავასოდ დაასრულა, სულ კი ფუკუოკაში 9 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა.
ამ წარმატების წყალობით, ჯუღელს მცირე წინსვლა ელის და სავარაუდოდ, მეშვიდე ან მერვე მაეგაშირა გახდება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას იგივე კოკაის უკან მოსატოვებლად, ალბათ, ესეც საკმარისი იქნება.
29 წლის “შავი ზღვა” კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, მაგრამ ძალიან წარუმატებლად იასპარეზა. კოკაის მე-11 მარცხი ჩინელმა სოკოკურაიმ აგემა, ოთხადოთხი გამარჯვება კი მომავალ ბანძუკეში ქართველს კარგს არაფერს უქადის.
წოდებაში დააქვეითებენ 23 წლის ლევან გორგაძესაც, რომელსაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის მეტსახელით იცნობენ. ქართველმა სეკიტორმა კომუსუბის ტიტულით მეორე ბაშო ჩაატარა, თუმცა, დადებითი ბალანსის დაფიქსირება ვერცერთხელ შეძლო. ნოემბრის ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინიმ მე-4 მაეგაშირა ჰაკუბას იორიკირით აჯობა, თუმცა, ვინაიდან ეს 9 მარცხის ფონზე მხოლოდ მე-6 გამარჯვება გახლდათ, გორგაძეს რიგით მაეგაშირობამდე დაქვეითება არ ასცდება.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე იოკოძუნა ჰაკუჰო ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდის (ზედიზედ 69 მოგება) დამხობას ეშურებოდა, თუმცა, 63 გამარჯვების შემდეგ კისენოსატოსთან წაიფორხილა და მიუხედავად საბოლოო წარმატებისა, ეს ფაქტის გულში მაინც ხინჯად ჩარჩებოდა.
კისენოსატომ დიდწილად სწორედ ხსენებული წარმატებისთვის, სანახაობრივი ასპარეზობისთვის დაწესებული პრიზი მიიღო, მებრძოლი სულისა და საუკეთესო ტექნიკური მონაცემების გამოვლინებისთვის კი, გასაგებ მიზეზთა გამო, ტოიონოშიმა დასაჩუქრდა.







