ხვალ-ზეგ, დიუსელდორფი ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს – დიდ პრიზს უმასპინძლებს. კიმონოს 68 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტი მოირგებს. მათ შორის საქართველოს ნაკრების 9 წევრი. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა პირველ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქმეში ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე 60 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ჩაერთვებიან. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) კი მეორე დღეს იჭიდავებენ.
ცოტა ხნის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წილისყრის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქართველთაგან პირველი წრის შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ მეტრეველი მიიღებს. პაპინაშვილი, ასუმბანი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი, ცირეკიძე და ხანჯალიაშვილი ტურნირს მეორე წრით გახსნიან. ხოლო წიკლაური და ლიპარტელიანი სულაც, პირდაპირ მესამე წრეში არიან განთესილები.
პაპინაშვილი ფინელ ვალტერი იოკინენს დაუპირისპირდება და თუ მოუგებს, მერვედფინალში სავარაუდოდ მონღოლ ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონს შეხვდება. ასუმბანის მეტოქე ყაზახი იერკებულან კოსაიევისა და მაროკოელი ალაე იდრისის წყვილში გამარჯვებული იქნება, მერვედფინალში კი ამ სამეულის გზა უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი ვარსკვლავის, მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას გზას უერთდება. სამ-სამი მოგების შემთხვევაში ქართველი მსუბუქწონოსნები ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
ნუგზარ ტატალაშვილი დიდ პრიზზე გამოსვლას გერმანელ რენე შნიდერთან შეხვედრით დაიწყებს. თუ ამ ბრძოლაშიც იმარჯვებს და მერვედფინალშიც (ესტონელ კინტერ როტბერგთან, თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან ან პორტუგალიელ ჟორჟე ფერნანდეშთან), მეოთხედფინალში დიდი შანსია, ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას დაეჭიდოს. ამავე ბადეშია ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი მონღოლი ნიამ-ოჩირ საინიარგალი.
ავთანდილ ჭრიკიშვილის პირველი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო ბრიერი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებულს, მეთექვსმეტედფინალში მოლდოველი სერგიუ ტომა ელოდება. ფინალამდე ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მომგები ქართველი შესაძლოა ბრიტანელ იან ბარტონს და აზერბაიჯანელ ელნურ მამადლისაც გადაეყაროს. ლევან წიკლაური ბადის მეორე მხარესაა, ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან და ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, გერმანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ოლე ბიშოფთან ერთად. ელმონის და წიკლაურის გზები მეოთხედფინალში იკვეთება, ხოლო ბიშოფისა და წიკლაურის – ნახევარფინალში. ქართველი ძიუდოისტი დიდ პრიზს ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსსა და შვეიცარიელ მიჩა ეგერს შორის მოგებულთან შეხვედრით გახსნის.
ვარლამ ლიპარტელიანის პირველი მოწინააღმდეგის ვინაობას პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზისა და ტუნისელი მედ ფადჰეი გაზუანის დაპირისპირება გამოავლენს. წარმატებულად ჭიდაობის შემთხვევაში, ქართველი ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქე მერვედფინალში უკრაინელი ვალენტინ გრეკოვი იქნება, მეოთხედფინალში იაპონელი იუია იოშიდა, ხოლო ნახევარფინალში ილიას ილიადისი (საბერძნეთი) ან ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი). შეგახსენებთ, კაზუსიონაკთან და ნიმანთან ლიპარტელიანი 2009 და 2010 წლის ევროპის ჩემპიონატების ფინალებში დამარცხდა.
ირაკლი ცირეკიძე საერთაშორისო ტატამს უკრაინელ ვიაჩესკავ დენისოვთან ან ჩინელ ნინგ შაოსთან შეხვედრით დაუბრუნდება. თუ გასცდება, მერვედფინალში მონღოლ ტემუულენ ბატულგას შეხვდება. ამავე ბადეშია ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ელკო ფან დერ ხესტი, რომელსაც ცირეკიძის მსგავსად, სამი მეტოქის ძლევა დასჭირდება, რათა ნახევარფინალში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს დაეჭიდოს. ცნობისთვის, ფან დერ ხესტი დიუსელდორფულ ტურნირზე 100 კილოგრამში მოჭიდავეთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანია.
ნოდარ მეტრეველი კენჭისყრამ თურქ ენსარ ტამასთან დააწყვილა. მოგებული სლოვენიელ მატიაშ სერაჟს უნდა შეხვდეს. თუ ქართველი მძიმეწონოსანი ორივე ბრძოლაში იმარჯვებს, მერვედფინალში, სავარაუდოდ ბრაზილიელ რაფაელ სილვას პირისპირ დადგება, რომელთანაც გასულ უქმეებზე, ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის ნახევარფინალში გაფრთხილებით წააგო. მეტრეველის ბადიდან ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბელარუსი იჰარ მაკარაუ და იაპონელები: კეიჯი სუზუკი და კაზუჰიკო ტაკაჰაშიც იბრძოლებენ.
ზვიად ხანჯალიაშვილი ბადის მეორე მხარესაა, გერმანელ ანდრეას ტოლცერთან, უნგრელ ბარნა ბორთან, ესტონელ მარტინ პადართან და იტალიელ პაოლო ბიანჩესისთან ერთად. ტოლცერისის და ხანჯალიაშვილის სატურნირო გზები მეოთხედფინალში იკვეთება, დანარჩენებთან შეხვედრა კი ნახევარფინალამდე გამორიცხულია. თუმც ამ ეტაპებამდე მისასვლელად ორმეტრიანმა ქართველმა ძიუდოისტმა ორი მეტოქე მაინც უნდა ჩამოიშოროს. პირველი მათგანი აზერბაიჯანელი ემილ ტაჰიროვია, მეორე – ლიტველი მარიუს პასკევიჩუსი, ბულგარელი ივან ილიევი ან სუგარიარგალ ბოლდპურევი.
ოთარ მაღლაკელიძე







