აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” შინ “რევანი” 3:0 დაამარცხა და ორი გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
ბაჩანა ცხადაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის 70-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ექსნახევარმცველმა მიკელ ალვარომ შეცვალა. იაშვილმა მოედანზე 86 წუთი დაჰყო და 66-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო – 2:0. მატჩში წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ალვარომ დასვა. ლაშა სალუქვაძემ “ინტერში” თავიდან ბოლომდე ითამაშა. გიორგი ლომაია ბაქოელთა თადარიგში იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში უმცროსმა ცხადაძემ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო იაშვილმა 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. “ინტერს” 48 ქულით 10 გუნდში მე-3 ადგილი უკავია.
ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, სტუმრად “ბაქისთან” 1:2 დამარცხდა. ზაქათალელები 39 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
დანიის სუპერლიგის 24-ე ტურში “ორჰუსი” გასვლაზე “ნორდსიელანდთან” 0:1 დამარცხდა. დავით დევდარიანი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მათე ვაწაძე თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო. დავით სხირტლაძე 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ორჰუსი” 29 ქულით 12 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში “ქაისერისფორმა” თავის მოედანზე “ანთალიასფორს” 3:1 აჯობა. ზურაბ ხიზანიშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ, ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ამიტომ, მასპინძლებში არ უთამაშია. “ქაისერისფორი” 25 ქულით 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.