მაისის ბაშოს მე-9 დღე უაღრესად წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. პირველად, მიმდინარე ტურნირზე სამივე ჩვენებურმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ დოჰიო დამარცხებულმა დატოვა.
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ “ცუპარების ომში“ ექს-ოძეკი მიაბიამას დაჯაბვნა ვერ შეძლო და ჰიკიოტოშით დამარცხდა.
22 წლის ქართველ სეკიტორს 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და თუკი წოდებაში დაწინაურება სურს, დარჩენილი ექვსი ბრძოლიდან სამი მაინც უნდა მოიგოს. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კომუსუბი კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც წლეულს ორივე შერკინება დათმო, შარშან კი თითო მოგება-წაგება გაცვალა.
უკიდურესად წარუმატებელი სერია აქვს ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელმაც ზედიზედ მე-4 შერკინეა დათმო და ამით, წაგებათა ლიმიტი ამოწურა. 29 წლის ქართველის ბალანსი 2 მოგება და 7 მარცხია და თუკი დარჩენილი ექვსივე ბრძოლა არ მოიგო, უარყოფითYბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩება.
დღეს დილით კოკაი მე-8 მაეგაშირა კაკიძოესთან ცუკიოტოშით დაამარცხდა, ხვალ კი მე-3 მაეგაშირა კაკურიუს გაეჯიბრება, რომელსაც უკვე ერთი წელია არ შეხვედრია.
ცვლილებები არ მომხდარა მაკუუჩის ლიდერთა შორის. მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მიჯრით მე-9 გამარჯვება მე-3 მაეგაშირა კაკურიუსთან იზეიმა, რომელმაც წინა დღით ესტონელი ბარუტოს ძლევა შეძლო. ამ უკანასკნელმა ოძეკი კაიო ოშიდაშით დასცა და თავი 8 მოგებას მოუყარა.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-3 წაგება მიითვალა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა გაგამარუმ. 23 წლის ქართველი ძურიოს პირველი ნომერია და ელიტაში გადასასვლელად ნებისმიერი დადებითი ბალანსი ეყოფა, ამდენად, დღევანდელი წარუმატებლობა დამღუპველი ნამდვილად არ უნდა გამოდგეს.
34 წლის ბუშუიამამ ქართველის მავაში მარცხენა ხელიდან მოიგდო და 202-კილოგრამიანი ქართველი უვატენაგეთი დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, ჯუღელი ძურიოს ლიდერებს დაიდოსა და კიოსეუმის უკვე 2-2 მოგებით ჩამორჩება.
გაგამარუ, რომლის ბალანსიც 6 მოგება და 3 მარცხია, შემდეგ ბრძოლას სწორედ ხსენებული დაიდოს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ტოკიოშო ძურიოს მე-8 ნომრით ირჯება.
ნაცუ ბაშოდ წოდებული წლის მე-3 სუპერტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 23 მაისს დასრულდება.







