22 იანვარს, ცნობილი ორგანიზაცია PROFC-ის მიერ თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო მეგობრობის თასზე, ქართული კლუბი “ჯეოფაიტი” რუსულ “ელბრუსს” დაუპირისპირდა და პრესტიჟულ ტურნირზე ქართველი მებრძოლების დებიუტი კრახით დასრულდა. მასპინძელთა ხუთეულმა, სახელოვანი კლუბის გადახალისებული შემადგენლობისთვის რიგიანი წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო, თუმც მშრალადაც არ წაუგია - 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჩხუბარმა, გოჩა სმოიანმა “ჯეოფაიტს” ერთადერთი ქულა მოუტანა.
შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ მომხდარა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფასო კი იყო, მაგრამ მხოლოდ იმათთვის, ვისაც ორგანიზატორთაგან მოსაწვევები ერგოთ. ოფიციალურად დაუპატიჟებელ გულშემატკივართა უმეტესობა კი - დარბაზში დაცვამ არ შეუშვა, არადა თითქმის სავსე ტრიბუნებზე, შიგადაშიგ თავისუფალი ადგილები მაინც დარჩენილიყო და მათი ბოლომდე შევსება საერთო ატმოსფეროს მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგებოდა.
საღამო აზერბაიჯანული “ნეფჩისა” და პოლონური “როკის” დაპირისპირებით დაიწყო. აზერბაიჯანელებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს – ხუთივე ბრძოლა ხომ მოუგეს, აქედან ოთხი ნოკაუტებითა და მტკივნეული ილეთებით.
ქართულ-რუსული ჯახი დიმიტრი რობაქიძისა და ისლამ ბეგიდოვის შეხვედრით გაიხსნა. არნახული მხარდაჭერის მიუხედავად, 37 წლის ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგის დაჩაგვრა ვერაფრით მოახერხა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. საერთო ანგარიში სმოიანმა გაათანაბრა, ალბერტ ტუმენოვის ძლევით. გადამწყვეტი ამ შემთხვევაშიც მსაჯთა სიტყვა აღმოჩნდა, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, “ჯეოფაიტის” წევრს მნიშვნელოვანწილად საკუთარი კედლების ფაქტორიც დაეხმარა. ეს შეხვედრა რომ რუსეთში, ან თუნდაც სხვა ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარებულიყო, მაყურებლებს ალბათ საპირისპირო შედეგს გამოუცხადებდნენ.
84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაფერი ორიოდ წუთში დამთავრდა – ლუხუმ ხულელიძემ რატმირ კარაცუკოვის მტკივნეულ ილეთს ვერ გაუძლო. 93 კილოგრამში მოჩხუბარი დიმიტრი ჭუმბურიძე სულაც 12 წამში აღმოჩნდა ნოკაუტში და საერთო ანგარიში 1:3 გახდა – “ელბრუსმა” გამარჯვება ნაადრევად გაინაღდა. მძიმე წონაში, ყველასგან გამორჩეული ათლეტური აღნაგობის ლადო ჩოჩიშვილმა თავისზე ერთი თავით დაბალ სალიმგერ რასულოვთან შეხვედრის დასაწყისშივე ცხვირის ტრავმა მიიღო. მე-6 წუთამდე მაინც შეუპოვრად იბრძოლა. შემდეგ კი, ტურნირის მთავარმა მსაჯმა, ჯამბულ ძაძამიამ, ექიმებთან კონსულტაციის შედეგად, შეხვედრა შეწყვიტა და გამარჯვებულად რასულოვი გამოცხადდა, რადგანაც ქართველი მძიმეწონოსნისთვის სისხლდენის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საერთაშორისო მეგობრობის თასის მე-13 ეტაპი 13 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში გაიმართება. მასში “ჯეოფაიტიც” მიიღებს მონაწილეობას და კიდევ ერთ ცნობილ რუსულ კლუბს, “AE Team”-ს შეხვდება.
ოთარ მაღლაკელიძე







