ჩოგბურთი

20:29 | 11.03.2013 | ნანახია 234 - ჯერ

ცონგამ ბლეიკის ბარიერი გადალახა

ფრანგმა ჟო ვილფრიდ ცონგამ ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსზე მძიმე ბრძოლაში კორტების მასპინძელი, მსოფლიო რეიტინგის 99-ე ნომერი ჯეიმს ბლეიკი 7:6, 6:4 დამარცხა და მესამე რაუნდის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა ვეტერანმა, 33 წლის ბლეიკმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე ბრწყინვალე კომბინაციაც შემოგვთავაზა. იგი თითქმის ყველა შემთხვევაში ცდილობდა ბადესთან გასულიყო, რითაც აბნევდა ფრანგს და პირველი ბრეიკიც შეასრულა მატჩში, რის შედეგადაც ორგეიმიანი უპირატესობითაც დაწინაურდა - 4:2, თუმცა ცონგა დროულად გამოფხიზლდა, სათამაშო ტემპს უმატა და ანგარიში მალევე გაათანაბრა. ფრანგმა გაზარდა ზეწოლა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ახლოს იყო სეტის მოგებასთან, მაგრამ ჯეიმსი გმირულად იბრძოდა. საბოლოოდ დაინიშნა ტაი ბრეიკი, სადაც ამერიკელმა გაცილებით უფრო ყურადღებით ითამაშა და სამმაგი სეტბოლი მიიღო. ბლეიკმა ადრეულად დაიჯერა წარმატების, რისთვისაც დაისაჯა, ჯო ვილფრიდმა ზედიზედ 5 ქულა აიღო და სეტიც სათავისოდ დაიტოვა.
მეორე პარტიაც ცონგას უპირატესობით დაიწყო, მან მალევე შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, მაგრამ მოულოდნელად მსოფლიო რეიტინგის 99-ე ნომერმა მეტოქის უპირატესობა მალევე გააბათილა. სამწუხაროდ ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა, ფრანგმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა - 7:6, 6:4.
ტურნირის მესამე წრეში ჟო ვილფრიდი კიდევ ერთ ამერიკელს - ტურნირზე 32-ე ნომრად განთესილ მარდი ფიშს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ სამ სეტში ასპარეზობას გამოთიშა თანამემამულე ბობი რეინოლდსი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.141532