საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთადერთმა წევრმა ირაკლი ცირეკიძემ ტოკიოს დიდი სლემი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც პრესტიჟულ ტურნირზე ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად მიიწვიეს, სამი მეტოქე დაამარცხა. არგენტინელ კრისტიან შმიტსა და იაპონელ ტაცუკი მასაბუჩის იპონ-იპონ გასცდა, უზბეკ რამზიდინ საიდოვს კი ჰანტეითი აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, რაც ავტომატურად, მედალს ნიშნავდა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში რუს სერგეი სამოილოვიჩს უნდა დასჭიდებოდა, რომელიც წლეულს ორ უმთავრეს ტურნირზე: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დამარცხებული ჰყავდა. ამჯერად რუსმა გაიხარა, ოღონდ უბრძოლველად. ირაკლი ცირეკიძემ საიდოვთან მიღებული მცირე ტრავმის გამო ტატამზე გასვლა აღარ გარისკა და სამოილოვიჩს ოქროსკენ მიმავალი გზა გაუხსნა. ამ უკანასკნელმა შანსი გამოიყენა და გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელი ჰი ტაე ჰვანგი დაამარცხა, ოღონდ საბოლოო შედეგში მთავარი როლი არა რუსმა ძიუდოისტმა, არამედ მსაჯებმა შეასრულეს – ჰვანგი ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო მოხსნეს, რაც ერთობ საეჭვო იყო.
ამ შეხვედრამდე სამხრეთკორეელმა მასპინძელთა ჯილა, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ტაკამასა ანაი დატოვა ფინალის საგზურის გარეშე. მესამე ადგილი ცირეკიძესთან ერთად სწორედ ანაიმ დაიკავა.
მძიმე წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსი ალექსანდრ მიხაილინი ავიდა. ფინალში მან სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს სძლია. იქამდე ჩომ საწყის ეტაპზევე ტურნირს იაპონელთა უმთავრესი იმედი კეიჯი სუძუკი გამოთიშა. +100 კილოგრამი ერთადერთი წონითი კატეგორია აღმოჩნდა, რომელშიც მასპინძლებმა ვერც ერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბრაზილიელი რაფაელ სილვა და უზბეკი აბდულო ტანგრიევი.
ქალებში ბოლო სამ წონაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და სამივეში იაპონელებმა იმარჯვეს. 70 კილოგრამში ტომოე უენო გაჩემპიონდა, 78-ში – აკარი ოგატა, ხოლო +78-ში – მიკა სუგიმოტო.
ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
11 დეკემბერი
კაცები
100 კგ
1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
2 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
3 ტაკამასა ანაი (იაპონია)
+100 კგ
1 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)
2 გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)
ქალები
70 კგ
1 ტომოე უენო (იაპონია)
2 სესილია ბლანკო (ესპანეთი)
3 ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
3 კატარზინა კლისი (პოლონეთი)
78 კგ
1 აკარი ოგატა (იაპონია)
2 კაილა ჰარისონი (აშშ)
3 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 ჰეიდე ფიოლერტი (გერმანია)
+78 კგ
1 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
2 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
3 ნა-იუნგ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
ოთარ მაღლაკელიძე







