ძიუდო

0:54 | 7.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძემ ოქროს გემო მადრიდში გაიხსენა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა გუშინ, მადრიდის მსოფლიოს თასზე იმარჯვა, ხოლო ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ესპანეთში გაფართოებული, 18-კაციანი შემადგენლობა იახლა და გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.
ცირეკიძემ საჩემპიონო გზაზე 5 მეტოქე ჩამოიცილა. ფრანგ კრისტოფ ჰუმბერს ვაზარით აჯობა. ბრიტანელ ჯეიმს ოსტინს 3 წუთსა და 48 წამში მოუმთავრა საქმე, ხოლო სლოვენიელ პრიმოჟ ფერიანს წუთი და 23 წამი აკმარა. ნახევარფინალში ბრაზილიელ ლეონარდო ლეიტეს ვაზარით მოუგო, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ლატვიელი იევგენის ბოროდავკო მე-4 წუთის მიწურულს დააიპონა.
ამირან პაპინაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლები ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 5 ივნისს მოიპოვეს.
პაპინაშვილი შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. იტალიელი მატია გალბიატისა და ბრაზილიელი ბრენო ალვეშის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში, ფრანგ ისამ ნურთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც მონაკოელ იან სიკარდისა და ჩინელ ა ლამუსს იპონებით გაუსწორდა.
ტატალაშვილმა ზედიზედ 4 მეტოქე დაამარცხა, თან ოთხივე იპონებით – ფრანგი ლორენ მესეგერი, განელი ემანუელ ნარტი, ბერძენი არის კოტანიდისი და ესპანელი მიგელ რომერო. ფინალის გზა ქართველს მომავალმა ჩემპიონმა, ჩეხმა იარომირ ჟეზეკმა ნახევარფინალში გადაუღობა. რეპეშაჟის ფინალში კი ტატალაშვილმა სულ რაღაც 47 წამში მოუმთავრა საქმე ბრაზილიელ ბრუნო მენდოსას.
ნაკრების დანარჩენ წევრთაგან კვარცხლბეკთან ყველაზე ახლოს მინდია ბოდაველი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) მივიდნენ. ბოდაველმა ჰოლანდიელი მარვინ დე ლა კროსისა და ლიტველი კაროლის ბაუზას ძლევის შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რიო დე ჟანეიროს დიდი სლემისა და სან-პაულუს მსოფლიოს თასის ჩემპიონ ბრაზილიელთან, ჰოგო პესანასთან მარცხით. დამამშვიდებელ ეტაპზე მასპინძელთა ვეტერანი ჯილა, დავიდ ალარზა დაჩაგრა, “ბრინჯაოს ფინალში” კი ჯარჯი ზვიადაურთან (ილიას ილიადისთან) ვეღარას გახდა. ოქრუაშვილმა სლოვენიელი მიტია იენუსი, გერმანელი ტინო ბიერო და ლიტველი მარიუს პასკევიჩუსი იპონებით დაამარცხა. მერე კი... ჯერ ნახევარფინალში წააგო, პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან, შემდეგ რეპეშაჟის ფინალში – სლოვენიელ მატიაჟ სერაჟთან.
ნაკრების სხვა წევრებმა: ბეთქილ შუკვანმა (60 კგ), სანდრო იაკობაშვილმა, უჩა ხუციშვილმა, პაატა მერებაშვილმა, შალვა ქარდავამ (ყველა 66 კგ), მიხეილ ხომიზურმა, დავით კობერიძემ (73 კგ), გიორგი ბაინდურაშვილმა (81 კგ), საბა გავაშელიშვილმა, ბეთქილ ნავერიანმა (90 კგ), ზურაბ ზვიადაურმა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) მეოთხედფინალშიც ვერ გააღწიეს. წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც გამოვარჩევთ ბაინდურაშვილს. წლების წინანდელი ნაკრების ლიდერი ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ გუნდს მადრიდში დაუბრუნდა, თან ტურნირზე საკუთარი ხარჯით გაემგზავრა და მერვედფინალამდეც მივიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკაჰირო ნაკაისთან წააგო. რაც შეეხება ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, პირველსავე წრეში, გაფრთხილებით წააგო სლოვაკ ზოლტან პალკოვაცთან. 
მადრიდის მსოფლიოს თასის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც ამირან ტოტიკაშვილს შემადგენლობაში ნამდვილად ჰყავდა შეყვანილი. თუმც, დაზუსტებით მაინც ძნელია თქმა, მართლა იახლა ესპანეთში თუ არა. მადრიდში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ტოტიკაშვილის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მოწოდებულ განაცხადში ბეთქილ ნავერიანი არ ყოფილა შეყვანილი, მაგრამ მეორე დღეს, კენჭისყრის ბადეში აღმოჩნდა.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
მადრიდი
5-6 ივნისი

60 კგ
1 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
2 ლილიან ბარიე (საფრანგეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ისამ ნური (საფრანგეთი)
66 კგ
1 დენის კოზლოვსი (ლატვია)
2 კუკ იონ ჰონგი (ჩრდილოეთ კორეა)
3 იუნ ჰიუნ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
73 კგ
1 იარომირ ჟეზეკი (ჩეხეთი)
2 მოჰამედ რიადი (საფრანგეთი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 მიგელ რომერო (ესპანეთი)
81 კგ
1 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
2 სუკ ვონ ჰონგი (სამხრეთ კორეა)
3 ფლავიო კანტო (ბრაზილია)
3 მურატ ხაბაჩიროვი (რუსეთი)
90 კგ
1 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
2 ჰუგო პესანა (ბრაზილია)
3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 მილან რანდლი (სლოვაკეთი)
100 კგ
1 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
2 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 ოტკირ კურბანოვი (უზბეკეთი)
3 დინო ფაოფერი (გერმანია)
+100 კგ
1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
2 იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი)
3 მატიაჟ სერაჟი (სლოვენია)
3 ანგელ პარა (ესპანეთი)
გუნდური ჩათვლა
                          ო ვ ბ V VII
1 ბრაზილია       2 1 1 3 2
2 იაპონია           2 0 0 0 0
3 ლატვია           1 1 0 0 1
4 საქართველო 1 0 2 2 0
5 ჩეხეთი            1 0 0 0 0
6 საფრანგეთი    0 2 1 2 1
7 სამხ. კორეა     0 1 1 0 0
8 პოლონეთი     0 1 0 1 0
9 ჩრდ. კორეა     0 1 0 0 0
10 ესპანეთი       0 0 2 1 1
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166123