ყველა ადამიანს აქვს წარუშლელი მოგონებები. აი, ისეთი, რაც შეიძლება სხვას არაფრად მოეჩვენოს, მაგრამ შენთვის შენია და "შერეკილებისა" არ იყოს, ვერავინ ამოგიშლის გონებიდან. რომელიმე სიმღერა, წიგნი, ფილმი, ან სულაც პატარა ნაწყვეტი ფილმიდან... მაგრამ ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, ჩემთვისაც პირველი ფეხბურთი იყო და მერე სხვა დანარჩენი. უფრო სწორად, ფეხბურთი, ფეხბურთი, ფეხბურთი და ისე ვიყავი მოწამლული, რომ ახალი წელიც კი არ მიხაროდა, რადგან გინდოდა თუ არ გინდოდა, ბურთი ცოტა ხანს გვერდით უნდა გადაგედო – ეზოში ბავშვები ცოტანი იყვნენ, ამინდიც არ გვიწყობდა ხელს.
ჩემი ბავშვობის წლები დიეგო მარადონას სიგიჟეებისას დაემთხვა და იმ დროს შეუძლებელიც იყო სხვა უცხოელი კერპი გყოლოდა. უცხოელი, თორემ ისე, ფეხბურთი თბილისის "დინამოთი" უნდა შეგყვარებოდა, სტადიონზე უნდა წაეყვანე ვინმეს და ერთხელ მაინც უნდა შეგეგრძნო სავსე ტრიბუნების "მუღამი". იმ პერიოდზე ვამბობ, ზოგიერთს სოფლიდან ქათამი ან სულაც ცხვარი რომ ჩამოჰქონდა მატჩზე დასასწრებ ბილეთზე გადასაცვლელად.
...მაგრამ მარადონას მერე, უფროსი კლასებისა და სტუდენტობის წლებში იყო ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად ყველაფერს ვაკეთებდი, უშუქობისას როგორღაც ვახერხებდი "დვიჟოკიან" ოჯახში შეძრომას. დღეს ამ ფეხბურთელს დაბადების დღე აქვს – რომარიო 46 წლისაა.
პირველად მისი თამაში 1988 წელს, ოლიმპიადის ფინალში ვნახე და გულში ვლანძღავდი, გოლი რომ გაიტანა. მაშინ ხომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და მითუმეტეს, წითელფორმიანებში ჩვენი გელა კეტაშვილი თამაშობდა. უბრალოდ კი არ თამაშობდა, რომარიოს ჩაკეტვა დაივალა და იმ ერთი მომენტის გარდა, თავისი საქმე კარგად შეასრულა. მოგვიანებით, კეტაშვილი იტყვის, ქარიშხალი იყო, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშიაო. ბრაზილიამ 1:2 წააგო, მაგრამ რომარიო დე სოუზა ფარია დამამახსოვრდა.
აქ არ მოვყვები რომარიოს მატჩებისა და გოლების სტატისტიკას, რადგან უხერხულია – ის ყოველგვარ სტატისტიკაზე მაღლა იდგა და იმ ტიპის ფეხბურთელი იყო, რომელსაც რომც ვერ გაეტანა, მაინც იტყოდი, ძალიან მაგრად ითამაშაო.
ფორვარდი, რომელიც ძლიერად, როგორც იტყვიან "უდარს", არ ურტყამდა. მხოლოდ ერთხელ მახსოვს, პსვ-ში რომ იყო, გამწარებულმა ლამის ბადე გახია, ისეთი გაიტანა. ეს მაშინ, როცა "მილანს" რეკორდი ჰქონდა დამყარებული მშრალი სერიის მხრივ და მათ კარში გოლი ნოემბრის თოვლივით იშვიათი იყო.
ჭვინტი და გარე ტერფი – აი, რომარიოს იარაღი. საჯარიმოში აქვს ბურთი? მოკლე მონაკვეთზე შემოიტარებდა, მცველი მოტყუებული იყო და სანამ ფეხებში ვარდნას ეცდებოდა, "ქუჩის კატა" ასწრებდა ბურთის შეგორებას.
არ მეგულება ფეხბურთელი, მასსავით დამცინავი ყოფილიყოს მეტოქის საჯარიმოში. რომარიოს ადგილი სწორედ საჯარიმოში ან მის სიახლოვეს იყო, დიდ მონაკვეთზე არ ახდენდა გავლენას და არც სჭირდებოდა. პასიც დახვეწილი ჰქონდა. აბა, გაიხსენეთ, როგორი საჩუქარი გაუკეთა ბებეტოს 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-სთან მერვედფინალში, რომელმაც დაუფასა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
"ქუჩის კატას" ტყუილუბრალოდ არ ეძახდნენ. ორმაგი დატვირთვა ჰქონდა სახელს: როგორც ვარსკვლავების უმეტესობა, რომარიოც ჭირვეული იყო. და კატა?... კატასავით რბილი მანერა ჰქონდა. მის თამაშს წარმოდგენას უფრო შეადარებდით, გლადიატორული ბრძოლისგან ძალიან შორს იყო.
როგორ არ გავიხსენოთ 1997 წელს, საფრანგეთში, ოთხთა ტურნირზე გამართული ბრაზილია-იტალიის მატჩი. 3:3 და ბოლო გოლი რომარიომ შეაგდო. რონალდომ საჯარიმოში დაინახა პარტნიორი, "ქუჩის კატაც" გაძვრა იტალიის ნაქებ მცველებში და ძალიან მოკლე მონაკვეთზე მეკარე ჯანლუკა პალიუკას უბურთოდ ჩაუტარა ილეთი – თვალისა და ფეხების მოძრაობით, ბურთზე ფეხის შეუხებლად გასცდა და ცარიელ კარში შეაგდო.
ჭირვეული იყო, მაგრამ ამასთან - დიდი პატრიოტიც. 1993 წელს, როცა ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში გაუჭირდა, მწვრთნელმა კარლოს ალბერტო პარეირამ უბრად მყოფი რომარიო გამოიძახა. გადამწყვეტი მატჩი იყო ურუგვაისთან და იქ ცინიკოსმა საქმეები აკეთა... 2 გოლი გაიტანა და 2:0 მოიგეს, მეორე ბურთი კი, უბრალოდ შედევრი იყო - ჩვეულ სტილში კისერი მოატეხინა სტუმართა მეკარეს და ისე გაიტანა.
მერე კი იყო მწვერვალი – 1994 წელს რომარიო მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის გმირი გახდა. გმირი იყო "ელ კლასიკოშიც", რომელიც "ბარსელონამ" 5:0 მოიგო და ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
კარიერა 2009 წელს, რიო-დე-ჟანეიროს "ამერიკაში" დაასრულა. 43 წლის კაცს გოლების გატანა არ სწყინდებოდა და ამბობდა, პელეს უნდა გადავასწროო. მე-1000 ბურთი მართლაც გაიტანა, თუმცა, გადასწრებაზე რა გითხრათ – ვერ მოახერხა.
რომარიო ბევრს არ უყვარდა. ის არ იყო იმ ტიპის ადამიანი, ყველას რომ აქებს და ტრაფარეტულ სიტყვებს ისვრის. ზედმეტი გულახდილობისთვისაც არაერთხელ გაულანძღავთ.
"ჩემთვის ფეხბურთი ნარკოტიკია. რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ არასოდეს გამისინჯავს ეს საძაგლობა. და კიდევ, სულ არ მაინტერესებდა, თუ ვინ თამაშობდა ჩემს წინააღმდეგ. მე მინდორზე სიამოვნების მისაღებად გავდიოდი და ბედნიერი ვიყავი", – თქვა რომარიომ, რომლის შვილი, რომარინიო ამჟამად "ვასკო და გამას" ახალგაზრდულ გუნდშია და ლეო მესი უყვარს, მაგრამ...
"მესი დღეს საუკეთესოა, თუმცა, მამაჩემის დონეზე ჯერ არ ასულა", - ასე ამბობს.
რამდენჯერმე აწყენინეს გენიოსს, მაგრამ ყველაზე მეტად 1998 წელს გაამწარეს. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მუნდიალს მიღმა დატოვეს და ეს მოხდა არა მთავარ მწვრთნელ მარიო ზაგალოს, არამედ ლეგენდარული ზიკოს მიზეზით. მათ ტრავმა მოუმიზეზეს ცინიკოსს, არადა, აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება იყო, რასაც ორ-სამ დღეში მოევლებოდა.
"ეს უცუდესი მომენტი იყო ჩემს კარიერაში. ვშრომობდი, თავს ვიკლავდი და მასხრად ამიგდეს, თითქოს, ვიგინდარა ვყოფილიყავი. ამას მათ არასოდეს ვაპატიებ. ვიღაცეების ბოღმის გამო, ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა".
ასეთი იყო ბრაზილიელი ცინიკოსი, რომელიც წლინახევრის წინათ პოლიტიკაზე გადაერთო, კერძოდ, სამშობლოში სოციალისტური პარტიის ფედერალური კონგრესმენია.
გენიოსი იყო, გენიოსი. ბებეტო, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდო, ედმუნდო – მათთან განსაკუთრებულ ტანდემს ქმნიდა, მაგრამ პირველი კაცი თავად იყო. კაცი, რომელიც ბურთს კი არ ურტყამდა, ეფერებოდა...
ილია ნანობაშვილი