ჩოგბურთი

9:53 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცინატიში მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

ცინცინატის “მასტერზ1000”-ის მეოთხეფინალში საჩოგბურთო კლასიკას კიდევ ერთხელ ვიხილავთ – ერთმანეთის პირისპირ თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეები როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი შეხვდებიან. ცინცინატის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ფედერერმა 35 წლის გერმანელ ტომი ჰაასს 1:6, 7:5, 6:3 მოუგო.

32 წლის შვეიცარიელმა ჰაასთან დაპირისპირებისას 10 ეისი და 3 ბრეიკი შეასრულა და კარიერის განმავლობაში 13-ედ სძლია გერმანელ ოპონენტს. თავის მხრივ ჰაასს სამჯერ ჰყავს დამარცხებული დიდი სლემის შეჯიბრებების 17-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი.

ფედერერის მსგავსად მეოთხედფინალში ნადალი სამსეტიანი პაექრობის შედეგად გავიდა. მალიორკელმა 22 წლის ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:2, 5:7, 6:2 მოუგო და ბალკანელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 3:0 გახადა.

შვეიცარიელისა და ესპანელისგან განსხვავებით მეოთხედფინალში უპრობლემოდ გააღწია ენდი მარეიმ – უიმბლდონის მოქმედმა შოტლანდიელმა ჩემპიონმა ფრანგი ჟულიენ ბენეტო უშანსოდ დატოვა 6:2, 6:2.

 მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – რაფა ნადალი (ესპანეთი)

დმიტრი ტურსუნოვი (რუსეთი) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ჯონ იზნერი (აშშ)

0.112063