კალათბურთი

23:36 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის საუკეთესო კოეფიციენტი და ფაცაციას 16 ქულა

 

უკრაინულ გუნდებს, რომლებშიც ქართველი კალათბურთელები ირიცხებიან, წარუმატებელი მატჩები ჰქონდათ, თუმცა თავად გიორგი ცინცაძე და ლევან ფაცაცია შედეგიანად გაისარჯნენ.

ცინცაძის “დონეცკი” ვთბ-ლიგის ეგიდით ყაზანის “უნიქსს” ესტუმრა და 85:69 დამარცხდა, გიორგის კი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (18) ჰქონდა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 30:04 წუთი გაატარა. ცინცაძის მონაგარი 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“დონეცკმა” 5 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადა და ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, ლიდერი კი სწორედ “უნიქსია” 8 გამარჯვებით. ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს უკვე მომავალ წელს, 5 იანვარს, სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკთან” ჩაატარებს.

უკრაინულ სუპერლიგაში ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტი” “გალიჩინას” ესტუმრა და 69:83 წააგო. შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც ლვოველებმა 24:9 იმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 35:42 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ლევანმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

დნიპროძერჟინსკელებმა ერთადერთი გამარჯვების წილ მე-7 მარცხი განიცადეს და კვლავ ბოლო მე-14 პოზიციას დაუბრუნდნენ. “დნიპროაზოტი” შემდეგ თამაშს 22 დეკემბერს ზაპოროჟიეში “ფერო-ზნტუს”-სთან ჩაატარებს.

0.126916