კალათბურთი

17:24 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის ორმაგი დუბლი ლიბანში

გიორგი ცინცაძის “ჩემპვილმა” ლიბანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და მიუხედავად ქართველი კალათბურთელის ჩინებული გარჯისა, კვლავ მარცხი განიცადა. ამჯერად, ტურნირის ლიდერ “ამჩიტთან” – 93:120.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 38 წუთში 17 ქულა, 14 პასი, 5 მოხსნა და 6 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. სარგებლიანობის კოეფიციენტის (31) მიხედვით, ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო.

აღსანიშნავია, რომ “ამჩიტის” მაისურით ისეთი ცნობილი კალათბურთელები ირჯებიან, როგორებიც ჯერემია მესი (24 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი) და ალი ტრაორე (19 ქულა) არიან, ამჯერად კი, საუკეთესო ფადი ხატიბი იყო, რომელმაც 42 ქულა მიითვალა.

ცინცაძის “ჩემპვილი” 3 მოგებით და 9 მარცხით ათგუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი 22 მარტს ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბეჯეჰთან” ელის.

0.128006