ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი” ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ჰუპსს” გაეჯიბრა და 88:79 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ამჯერადაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ცინცაძის მონაგარი 15 ქულა, 5 მოხსნა, 11 პასი და 1 ჩაჭრა იყო.
39 წუთის განმავლობაში, გიორგიმ 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, ქართველ უკანახაზელს ლიბანურ კლუბში უკვე 6 მატჩი მოუგროვდა, მისი საშუალო მონაგარი კი 17.2 ქულა, 5.0 მოხსნა, 8.5 პასი და 1.8 ჩაჭრაა.
ჩემპვილელთაგან საუკეთესო სერბი ლეგიონერი ვლადან ვუკოსავლიევიჩი იყო, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
ცინცაძის კლუბმა 9 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა და 10-გუნდიან ლიგაში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა კი, მეშვიდეადგილოსან “ტადამონს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
ჩემპვილელები მომდევნო მატჩს უკვე 27 მარტს სტუმრად “ბიბლოსთან” ჩაატარებენ.