ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის შესახებ არსებული მწირი ცნობებიდან გამომდინარე, გიორგი ცინცაძის “ჩემპვილს” მეოოთხედფინალური სერია მე-2 მარცხის შემდეგ დავასრულებინეთ, თუმცა, შევცდით. როგორც აღმოჩნდა, პლეი ოფი სამ გამარჯვებამდე გრძელდება და ქართველი კალათბურთელის გუნდმა ბრძოლა გუშინღა დაასრულა.
“ჩემპვილმა” რეგულარული სეზონის ჩემპიონ “ალ რიადის” შინ დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, საბოლოოდ, 82:87 დამარცხდა და სერია 1:3 წააგო.
ცინცაძემ მოედანზე 34 წუთი გაატარა და საკმაოდ აქტიური ფიგურა გახლდათ. გიორგის მონაგარი 18 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი იყო, თუმცა, მისი სტატისტიკა 9 დაკარგვამ გააუფერულა.
ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცინცაძის დარად 18 ქულა მიითვალა შეიხ ჰუსეინ ელ ხატიბმა, გუნდის ლიდერმა – სერბმა ვლადან ვუკოსავლიევიჩმა კი 29 ქულას 13 მოხსნა წაამატა.