კალათბურთი

14:04 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ ლიბანში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

ქართველმა კალათბურთელმა “შსს აკადემიას” ექს-მწვრთნელის იმედები გაამართლა


გიორგი ცინცაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინული “დონეცკიდან” ლიბანურ “ჩემპვილში” გადაბარგდა, ახალი გუნდის მაისური პირველად მოირგო და ლიდერ “ალ რიადისთან” წაგებულ მატჩში (72:88) საკმაოდ წარმატებულადაც ითამაშა.

გეორგიოს კეცელიდისმა, რომელიც ქართული “შსს აკადემიას” მწვრთნელი გახლდათ, ახლა კი, “ჩემპვილს” ავარჯიშებს, ცინცაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო, თუმცა, საბოლოოდ, საკმაო დრო – 29:43 წუთი დაუთმო.

ქართველმა უკანახაზელმა ბეირუთში გამართულ მატჩში 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 4 მოხსნა და 7 პასი წაამატა.

გიორგიმ 4 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 7-ჯერ დაარღვიეს, რაც იმაზე მოწმობს, რომ მეტოქეებს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ სერბ მძიმე ფორვარდ ვლადან ვუკოსავლიევიჩს ჩამორჩა.

ამ უკანასკნელმა ბოლო წლები ასევე უკრაინაში გაატარა. ჯერ იმავე “დონეცკის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის სტარტი კი “ჰალიჩინაში” გაატარა და 10 მატჩში საშუალოდ 14.2 ქულას და 9.0 მოხსნას აგროვებდა, რაც სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ცხადია, ლიბანში გადასვლის შემდეგ, ვუკოსავლიევიჩის მონაგარი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. მან “ჩემპვილის” რიგებში უკვე 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 25.0 ქულას, 10.9 მოხსნას, 2.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებს.

ამჟამად, ვუკოსავლიევიჩის და ცინცაძის კლუბს 3 მოგება და 6 მარცხი გააჩნია და 10-გუნდიან ლიბანურ ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება. “ჩემპვილი” მომდევნო მატჩს 8 მარტს “ტადამონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.119565