გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის თასის მეოთხედფინალში ჩერკასკის “მავპისთან” უმძიმესი დაპირისპირება გადაიტანა და “ოთხთა ფინალში” გააღწია, საქართველოს ერფოვნული ნაკრების უკანახაზელმა კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
დონეცკელებს გასვლითი შეხვედრა 6 ქულით ჰქონდათ მოგებული და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა, ჩერკასკელებმა ძალიან მოინდომეს, სტუმრად 90:84 იმარჯვეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. დონეცკელთათვის სასიხარულოდ, იქ “მავპიმ” უპირატესობა ვეღარ გაზარდა და მასპინძლები მხოლოდ 4 ქულის სხვაობით (102:106) დამარცხდნენ, რაც სრულიად ხელს აძლევდათ.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:01 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერი მარკო კილინგსვორტი გახდა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 14 მოხსნა), მისმა თანამემამულე ბერნარდ კინგმა კი “დონეცკს” 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მოუტანა.
უკრაინის თასის “ოთხთა ფინალი” 8-9 თებერვალს კიევის “სპორტის სასახლეში” ჩატარდება და იქ ცინცაძის კლუბის გარდა, “ბუდიველნიკი”, “ჰოვერლა” და “დნიპრო-აზოტი” ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში ქართველი ფორვარდი ლევან ფაცაცია ირიცხება, თუმცა, მას მძიმე ტრავმა აქვს და გუნდს ვერაფრით ეხმარება.