გიორგი ცინცაძემ ლიბანურ “ჩემპვილში” გადაბარგების შემდეგ, 23 ქულის ჩაგდება მეორედ მოახერხა, თუმცა, გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა. ჩემპვილელები ამჯერად მეხუთეადგილოსან “ბიბლოსს” ესტუმრნენ და უშანსოდ – 69:86 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ ცინცაძე და მისი თანაგუნდელები პირველი მეოთხედის შემდეგ 22:13 დაწინაურდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედი “ჩაუვარდათ” (9:33) და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და როგორც აღვნიშნეთ, 23 ქულა მიითვალა. ამას გარდა, გიორგის აქტივში 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაც ჰქონდა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცინცაძე ჩემპვილელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მასპინძელთაგან კი მისი შედეგი მხოლოდ ამერიკელმა ჯესმონ იანგბლადმა გადაფარა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, თუმცა, სარგებლიანობის კოეფიციენტი უკეთესი ქართველს ჰქონდა.
“ჩემპვილმა” 5 მოგების წილ მე-10 მარცხი განიცადა და ათგუნდიან ლიგაში მე-8 პოზიციაზე რჩება. ქართველი კალათბურთელის გუნდის მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, შინ, მე-4 პოზიციაზე მყოფ “მუტაჰედთან” ჩაატარებს.