კალათბურთი

6:27 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ლიბანის ჩემპიონატში ითამაშებს

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ უკრაინული “დონეცკი” დატოვა და... ლიბანურ “ჩემპვილს” მიაშურა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული სუპერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ის, რომ ცინცაძე დონეცკური კლუბის დატოვებას აპირებდა ადრეც მოგახსენეთ და აღნიშნულის გამო, მას ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, თუ თავს ლიბანში ამოჰყოფდა, ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.

ამ ინფორმაციას ვებ-გვერდი basket-planet.com-იც გამოეხმაურა და ცნობას ცინცაძის ტრანსფერის შესახებ არცთუ სასიამოვნო სათაური უძღვნა: “დონეცკი” სუპერლიგის უარესი ლეგიონერისგან გათავისუფლდა”.

როგორც ირკვევა, სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, გიორგი უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ კალათბურთელთაგან ბოლო ადგილზე გახლდათ.

ქართველი უკანახაზელი სუპერლიგაში საშუალოდ 4.8 ქულას და 3.8 პასს აგროვებდა, ვთბ-ლიგაში კი მისი საშუალო მონაგარი 5.8 ქულა და 3.4 პასი იყო.

“დონეცკიდან” დათხოვნის შემდეგ, ცინცაძე უკლუბოდ დიდხანს არ დარჩენილა. იგი ლიბანის ჩემპიონატში მოთამაშე “ჩემპვილში” გადაბარგდა, რომელშიც გასულ წელს ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობდა.

ცნობისთვის, მიმდინარე ჩემპიონატში “ჩემპვილს” 3 მოგება და 5 მარცხი გააჩნია და 10-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ცინცაძის ახალ კლუბს მომდევნო მატჩი 2 მარტს სტუმრად ლიდერ “ალ რიადისთან” ელის.

0.122193