როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი გიორგი ცინცაძე მომავალ სეზონს უკრაინულ “დონეცკში” გაატარებს. “ბუ” (ცინცაძის მეტსახელია) უკვე ჩავიდა დონეცკში, სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა და ისიც გაირკვა, რომ ახალ კლუბში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ქართველი მცველი ამჟამად “ვეფხვების” (დონეცკელებს ასეც უწოდებენ) საწვრთნელ ბანაკშია და “აზოვმაშის თასისთვის” ემზადება, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ 21 სექტემბერს “დონეცკი” ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრს” ეთამაშება, ამ მატჩის შედეგიდან გამომდინარე კი, 22-ში უკვე მარიუპოლის “აზოვმაშს” ან “ბკ კიევს” გაეჯიბრება.
დონეცკელ ქომაგებს გიორგი ცინცაძე კარგად უნდა ახსოვდეთ, რადგანაც ქართველი ძველ-ახალი გუნდის ღირსებას 2010 წელსაც იცავდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგის უცხოეთში რუსული ცსკა-ს, ცსკა-ვვს-ის, “ურალ გრეიტის”, მოსკოვის “დინამოს”, ესტონური “როკის”, ბერძნული “ტრიკალას” და პოლონური “სოპოტის” ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი ასევე უკრაინულ “ბუდიველნიკში” ირიცხებოდა.
ცინცაძე კიეველთა ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მათ ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაშიც დაეხმარა. ქართველი კალათბურთელი უკრაინის პირველობაზე საშუალოდ 9.2 ქულას, 3.1 მოხსნას და 4.3 პასს აგროვებდა. “ბუმ” 16 მატჩი ჩაატარა ევროთასზე, სადაც მისი საშუალო მონაგარი 8.2 ქულა, 2.6 მოხსნა, 3.9 პასი და 1.1 ჩაჭრა იყო, “ბუდიველნიკმა” კი ევროპული ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, რაც უკრაინული კალათბურთისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიაში ჯერაც მიმდინარეობს, ცინცაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი უკანახაზელი თითქმის შეუცვლელად თამაშობდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 14.4 ქულა, 2.6 მოხსნა, 5.8 პასი.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში გარდა უკრაინული სუპერლიგისა, ცინცაძეს თამაში VTB-ს გაერთიანებულ ლიგაშიც მოუწევს. “დონეცკი” A ჯგუფშია მოხვედრილი და მეტოქეებად რუსული “ლოკომოტივი” (ყუბანი), “ნიჟნი ნოვგოროდი”, “ენისეი”, “სპარტაკი” (სანკტ-პეტერბურგი) და “უნიქსი”, ჩეხური “ნიმბურკი”, ესტონური “კალევ-კრამო”, ლიტვური “ლიეტუვას რიტასი” და პოლონური “ტუროვი” ეყოლება. დონეცკელებს პირველი მატჩი 13 ოქტომბერს “სპარტაკის” წინააღმდეგ ელით.