ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მექსიკის ქალაქ აკაპულკოში მიმდინარე 220 ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში დრამატული მარცხი განიცადა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
ტატიშვილმა მექსიკურ თიხნარზე გამართულ პირველ მატჩში ლუქსემბურგელი მენდი მინელა 6:0, 6:4 დაამარცხა, მეორე წრეში კი პირველ ნომრად განთესილ და მსოფლიოს რეიტინგში 65-ე ადგილზე მყოფ ჩეხ ლუსი ჰრადეცკას ორი საათისა და 26 წუთის განმავლობაში ეომა და 7:5, 3:6, 6:7 (6:8) წააგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე 6:5-ს იგებდა და საკუთარ მოწოდებაზე მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, ზედიზედ სამი გათამაშება წააგო და ჩინებული შანსი ხელიდან გაუშვა.
მატჩი ორმხრივი შეცდომებით დატვირთული გამოდგა. ტატიშვილმა 17 (!) ორმაგი შეცდომა დაუშვა და მას დიდად არც მეტოქე ჩამორჩა (13 შეცდომა), თუმცა, ჩეხმა 5 ეისი მაინც მოაწოდა, ჩვენებურმა კი – ვერცერთი.
ერთადერთი, რაშიც ანა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ბრეიკ-პოინტების გამოყენება გახლდათ. ტატიშვილმა 9-დან 5 შემთხვევაში იმარჯვა, მაშინ, როდესაც ჰრადეცკამ ჩვენებურს მოწოდება ასევე 5-ჯერ, ოღონდ 17 ბრეიკ-პოინტიდან აართვა.
კვალიფიკაციის დასკვნით შეხვედრაში ჰრადეცკა ესპანელ ელიოსა კომპოსტიზო დე ანდრესს შეხვდება, ტატიშვილს კი მექსიკაში ერთი მატჩის მოგებისთვის 6 სარეიტინგო ქულა და 460 საპრიზო დოლარი ერგო.
ქართველი გოგონა ჯერაც არ ჩაბმულა წყვილთა გათამაშებაში, სადაც იგი და ამერიკელი ლილია ოსტერლო უკრაინელ ოლგა სავჩუკსა და გერმანელ კატრინ ვოერლეს ეთამაშებიან.
ტურნირში სულ 16 წყვილია დაშვებული, ამდენად, გამარჯვების შემთხვევაში, ტატიშვილი და ოსტერლო, მეოთხედფინალში გააღწევენ.
გერმანიის ქალაქ ბიბერახში იმყოფებიან საქართველოს პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ცახნაშვილი, რომლებიც 50-ათასიან ტურნირში პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმებიან. შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში სოფო შაფათავა ბერძენ ეირინი გეორგატუსთან 2:6, 4:6 დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელები მალევე გამოეთიშნენ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე კაცთა 15-ათასიან ტურნირს. კვალიფიკაციაში მე-16 ნომრად განთესილმა გიორგი რევაზიშვილმა მასპინძელ გაფაროვს 6:1, 6:0 მოუგო, შემდეგ კი მე-8 რეიტინგის მქონე რუს ბირიუკოვთან 3:6, 6:3, 4:6 წააგო.
რომა სულაძე საწყის მატჩში მე-13 ნომრად მიჩნეულ იტალიელ ბეგასთან 1:6, 0:4-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ალექსანდრე მეტრეველი კი ესტონელ ივანოვთან (მე-11 განთესვა) 6:4, 4:6, 2:6 დამარცხდა.
ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილში ჩატარებულ ტურნირზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, მეზობლად ჰარლინგენში, ასევე 15-ათასიან გათამაშებაში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი, რომელსაც ხვალ 18 წელი უსრულდება, ძირითად ბადეშია დაშვებული და მეტოქის ვინაობას საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ შეიტყობს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ბასილაშვილი კვლავაც საქართველოს პირველ ჩოგნად რჩება და 48 ქულით 547-ე ადგილზე იმყოფება. დანარჩენი ქართველები კლასიფიკაციაში სიმბოლურად იმყოფებიან.
547 (550). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48 ქულა; 1080 (1083). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1485 (1488). გიორგი ცივაძე – 1; 1580 (1584). სოზარ გოქაძე – 1; 1580 (1584). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1580 (1580). გიორგი რევაზიშვილი – 1;
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ქართველთაგან პირველობას ოქსანა კალაშნიკოვა ინარჩუნებს, მისი უახლოესი მდევარი კი ისევ ანა ტატიშვილია, რომელსაც აკაპულკოში მოგებული შეხვედრისთვის ქულები მომდევნო კლასიფიკაციაში დაერიცხება.
165 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 352 ქულა; 174 (178). ანა ტატიშვილი – 336; 211 (212). მაკა ჩახნაშვილი – 258; 352 (349). სოფო შაფათავა – 109; 434 (439). სოფო ქვაცაბაია –77; 471 (473). მანანა შაფაქიძე – 66; 480 (483). თათია მიქაძე – 63; 544 (538). ეკატერინე გორგოძე – 50; 1028 (1030). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1079 (1080). ანა ჯიქია – 4;







