მარიუშ ავრამი – ეს სახელი ალბათ კიდევ დიდ ხანს ემახსოვრება ქართველ გულშემატკივარს. ჩვენი ქომაგების ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხშირად ”სპილო ბუზად უქცევიათ“, მაგრამ ის, რაც რუმინელმა მსაჯმა, მარიუშ ავრამმა 17 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩაიდინა, ნამდვილად დიდი არაპროფესიონალიზმი და უფრო მეტიც - უსინდისობა იყო!
“მოედნიდან უსამართლოდ კრიშტიანუ რონალდუ, მარადონა და პელეც კი გაუძევებიათ და ნიკა ჭანტურიას გაძევება ეგეთი რა გახდაო“ – იტყვის “ნეიტრალური” ადამიანი. რასაკვირველია, კონკრეტული ფეხბურთელის გაძევება არასოდეს იყო და არც იქნება დიდი ტრაგედია, მაგრამ, როდესაც ამას მაშინ აკეთებ, როცა ერთმანეთს 16-17 წლის ბიჭები ხვდებიან, ნამდვილად არ გეპატიება. თამაშის მე-17 წუთზე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უცნაური ახირების გამო გააგდო 17 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და გუნდი გავეშებული ჰოლანდიის ”ხახაში” კაცნაკლული დატოვო, ნამდვილად არასოდეს გექნება შენდობა და გამართლება. მით უმეტეს, რომ საუბარია საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებზე და ქართველ გულშემატკივრებზე, რომლებიც ყოველთვის ოცნებობდნენ ჩვენი ნაკრები გუნდების თუნდაც მცირე წარმატებაზე.
ახლა მარიუშ ავრამი თითქოს უკვე წარსულში დარჩა. ადრე თუ გვიან, ალბათ თვითონაც მიხვდება საკუთარ საქციელს (თუმცა ეჭვი კი მეპარება ამაში) მაგრამ, ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და ქომაგების ცრემლებს უკან ვერავინ დააბრუნებს. ცრემლს კიდევ რა უჭირს... ჩვენს ისედაც აშლილ ნერვებსა და აფორიაქებულ ცხოვრებას კიდევ ეს უნდოდა?! თითქოს საფიქრალი და სავაივაგლახო ისედაც ცოტა გვქონდეს. ამასწინათ, ერთი ჩემი ნაცნობი ხუმრობით ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობამ რუმინელებს ავრამის საქციელისა და ჩვენი ნერვების დაწყვეტის გამო, ფულადი კომპანსაცია უნდა მოსთხოვოსო. ვინ რა კომპენსაციის გადამხდელია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ სასურველი იქნება, ამის შემდეგ, მარიუშ ავრამის სპორტულ მომავალს თვალგაფაციცებით თუ მივადევნებთ თვალს. პირადად მე, ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მომავალში რუმინელი არბიტრის სამსაჯო კარიერა. ხოლო, თუკი ფანტაზიას გასაქანს მივცემთ, ათასი რამის წარმოდგენაც შეიძლება.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გავიდა ათი წელი, მარიუშ ავრამი როგორც მსაჯი, ბადრი და უსუპივით სწრაფად გაიზარდა და იმდენს მიაღწია, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯობაც კი მიანდეს. დადგა ჩემპიონატის უმთავრესი მატჩის – ფინალის დღეც. მიუჯექით ტელევიზორს, მოემზადეთ მატჩის სანახავად და რას ხედავთ?! მოედნის ცენტრში მდგარი ადამიანი, რომელსაც პირში სასტვენი უდევს და მატჩის დაწყების ნიშანის მიცემას აპირებს, სწორედ ის ავრამია, 2012 წლის 13 მაისს, მთელ საქართველოს (და მე იმედი მაქვს რომ არამხოლოდ საქართველოს) გულშემატკივრებს გულ-ჯიგარი მოუწამლა. წარმოიდგინეთ? ჰოდა, ეს თუ წარმოიდგინეთ, მაშინ იმის მიხვედრაც ადვილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი ინტერესს დაკარგავს და ინტერესის ობიექტი მსაჯი იქნება, რომლის ყოველი სამართლიანი თუ არასამართლიანიბ გადაწყვეტილება პირიდან ამოხეთქილი უხამსობების კორიანტელს გამოიწვევს. ქართველებს ზოგადად წყენის გულში დიდი ხნით ჩადება და ბოღმიანობა ნაკლებად გვახასიათებს, მაგრამ რაც არ უნდა ვეცადოთ, ალბათ მაინც გაგვიჭირდება ავადსახსენებელი რუმინელი მსაჯის დავიწყება და შეიძლება სწორედ იმ დროს გაგვახსენდეს, როდესაც მის დავიწყებას გადავწყვეტთ.
ცხადია, რომ გინებითა და მუშტების ქნევით არაფერი გამოვა. გინება საქმეს რომ შველოდეს, მე ერთი ისეთი “გინებმაისტერი“ მეზობელი მყავს, რომელიც ბილწსიტყვაობით ყვავს ჩამოაგდებს ხიდან და მარტო მისი გინება ეყოფა ჩვენს დუშმანსა და მტერს საშვილიშვილოდ! რაკი გინებითა და ნერვების აშლით არაფერი გამოდის, ისღა დაგვრჩენია, რომ ქართული ფეხბურთის განსავითარებლად ყველამ რაღაც გავაკეთოთ. ფეხბურთის ფედერაციამ და ქართულმა სახელმწიფომ, უფრო მეტად პროფესიულად და კარგად გააკეთონ საკუთარი საქმე, ქართველმა ბიზნესმენებმა უფრო მეტი ფული ჩადონ ქართულ ფეხბურთში, გულშემატკივრებმა კი, უფრო ხშირად ვიაროთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისა და სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდების მატჩებზე. ავისმსურველებისათვის ყველაზე კარგი პასუხი, ჩვენი წინსვლაა! და მე მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთში წინსვლა აუცილებლად იქნება!
ლევან სეფისკვერაძე