გულშემატკივრის სვეტი

13:03 | 12.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ანდრეი

სულ ცოტაც და, დიდი უკრაინელი ფეხბურთელი - ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ბუცების თახჩაში შეწყობა ის ხვედრია, რომელიც ყველა სპორტსმენში გულისტკენას და მოწყენილობას ჰბადებს, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, როდესაც კარიერის დასასრულს ჭეშმარიტი ვარსკვლავები უახლოვდებიან. ანდრეი შევჩენკო კი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის გარჯასაც მისი თამაშის მხილველნი ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ.
საბჭოთა კავშირში დაფრთიანებულ ფეხბურთელთა მიმართ, ევროპაში ყოველთვის არსებობდა ერთგვარი მითოსური კლიშე, თითქოს ყოფილი საბჭოელები ვერ ახერხებენ ევროპულ ფეხბურთთან ინტეგრაციას და დიდი საფეხბურთო ქვეყნების პირველობებში გადაბარგებული “საბჭოელები” ვერ უწყობენ ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ შეხედულებას ამყარებდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ამ “ძმური ქვეყნიდან” ევროპაში წასულ ფეხბურთელთა, უმეტესწილად, ნაკლებად გამორჩეული ასპარეზობა. პირველად ეს უშნო მითი სწორედ ანდრეი შევჩენკომ დაამსხვრია, რომელიც იტალიის “მილანში” გადასვლისთანავე, ნამდვილ მეგა-ვარსკვლავად იქცა და ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხბურთს უპირველესად ის ადამიანები უნდა თამაშობდნენ, რომლებიც ამ თამაშში მთელს სულსა და ცხოვრებას ჩადებენ და რომ ფეხბურთელებისათვის ფეხბურთი მხოლოდ ლამაზი გასართობი არ არის.
წაიკითხეთ შევჩენკოს ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელების (მათ შორის, ჩვენი კახა კალაძის) ინტერვიუები და დაინახავთ, ყველა როგორი გაოგნებულია ჩვეულებრივი ადამიანის ძალას აღმატებული, ანდრეის მონდომებითა და შრომისმოყვარეობით. თვით დაუღალავი ჯენარო გატუზო და პაოლო მალდინიც კი “ხელებს აღმართავენ”, როდესაც შევჩენკოზე ლაპარაკობენ.
”შევჩენკომ ძირეულად შემიცვალა წარმოდგენა ფეხბურთზე. იქამდე, მეგონა, რომ ”მილანის” ისედაც მრავალმხრივად დატვირთული ვარჯიშები სრულიად საკმარისი იყო ფეხბურთელის სათანადოდ მოსამზადებლად, მაგრამ როდესაც ანდრეი ჩვენთან გადმოვიდა და ვნახე, რომ ეს ბიჭი ვარჯიშების შემდეგ, კიდევ 2-3 საათს საკუთარი ინიციატივით, ინდივიდუალურად ემზადებოდა, მივხვდი, რომ არ არსებობს იდეალური სავარჯიშო სქემა, რომელიც ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი. შევჩენკოს ენერგიასა და უსაზღვრო შრომისმოყვარეობაზე ”მილანში” დღემდე ლეგენდები დადის” – ამბობს მრავლისმნახველი პაოლო მალდინი, რომელსაც უამრავ დიდ ვარსკვლავთან მხარდამხარ, თუ წინააღმდეგ უთამაშია და წესით, ძნელი უნდა იყოს ასეთი კაცის გაკვირვება.
როდესაც გვარად შევჩენკო ხარ და უკრაინაში დაიბადე, წარმოუდგენლად დიდი საქმეები უნდა აკეთო, რომ შენზე საუბრისას დიდი ტარას შევჩენკო ერთხელაც კი არ ახსენონ. და რა გასაკვირია, რომ ბოლო პერიოდის გამოკითხვებით, უკრაინელ ახალგაზრდებში ანდრეი ტარასზე მეტად პოპულარულ ადამიანად ითვლება. სწრაფი, გონიერი, ფიზიკურად ამტანი, ტექნიკური, მებრძოლი – აი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ვარსკვლავი. და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად გულსატკენი, რომ ასეთი ვარსკვლავები მიდიან დიდი ფეხბურთიდან. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრების კანონია, მაგრამ, თუკი ოთხმოც წელს გადაცილებული გოეთეს სიკვდილმა დასწყვიტა გული მთელს გერმანიას, ალბათ, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ანდრეის (სიკვდილი ღმერთმა აშოროს) საფეხბურთო კარიერის დასასრულზე ფიქრის დროს, გული გვეკუმშებოდეს.
ანდრეი შევჩენკოს გულშემატკივრები საქართველოში დღემდე ბევრნი არიან, მაგრამ განსაკუთრებით, ქალაქ რუსთავში მცხოვრები ერთი კაცი მახსნდება, რომელმაც ამ ქალაქში 2004 წელს, სრულიად სხვა საქმეზე ჩასული მეგობრები თბილისში აღარ გამოგვიშვა და  თავის სახლში დაგვპატიჟა, ფეხბურთის საყურებლად. იტალიის ჩემპიონატის რიგითი ტური იყო და ”მილანი”, თუ არ მეშლება, ბერგამოს ”ატალანტას” ხვდებოდა. ჯერ იმან გაგვაკვირვა, რომ ამ ასაკოვან კაცს, სახლში გაკრული ჰქონდა შევჩენკოს უზარმაზარი პლაკატები, შემდეგ კი კიდევ უფრო გავოცდით, როდესაც თავისი ხელით გამოქანდაკებული (სპეციალობით მხატვარი გახლდათ) ანდრიუშა გვაჩვენა. ეს ადამიანი მიიჩნევდა, რომ ანდრეი შევჩენკო ისეთივე ”ჩვენი” იყო, როგორც ვთქვათ კალაძე, ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული და სხვა ფეხბურთელები. ახალგაზრდობაში კიევისა და თბილისის ”დინამოების” გულშემატკივარი ყოფილიყო და მისთვის ფეხბურთის მხოლოდ ორი დედაქალაქი – თბილისი და კიევი არსებობდა. იმ დღეს ”მილანმა” მოიგო და შევჩენკომაც გოლი გაიტანა. რაღა დაგიმალოთ და, მეც სწორედ იმ დღის შემდეგ მჯერა, რომ ანდრეი შევჩენკო მხოლოდ უკრაინელებს არ ეკუთვნით...

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163526