ძიუდო

15:56 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია, რეხვიაშვილი და ტატალაშვილი რეპეშაჟში იბრძოლებენ

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს საქმეში 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაება და მედლის მოპოვების შანსს სამივე ინარჩუნებს, თუმცა, 2 მათგანი რეპეშაჟში ერთმანეთს დაუპირისპირდება.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ყველაზე უკეთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.) ასპარეზობს, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია და უმაღლეს ჯილდოს უმიზნებს.

ჭრიკიშვილი საქმეში მე-2 რაუნდიდან ჩაება და გერმანელ ალექსანდერ ვიეჩერაკს გაფრთხილებებით აჯობა, შემედგ რუსი სირაჟუდინ მაგომევოდი ბრწყინვალე იპონით დასცა, ხოლო მეოთხედფინალში ბერძენთა ქართველი რომან მოსტოპულოსი ასევე გაფრთხილებებით დაჯაბნა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ბელარუსი ალიაკსანდრ სტიაშენკა იქნება.

73 კგ. წონით კატეგორიაში მეოთხედფინალამდე წარმატებულად იარეს ზებედა რეხვიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, იქ კი, ორივეს მარცხი შეემთხვა.

რეხვიაშვილმა გზად ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს იუკოთი, ხოლო იტალიელ ანდრეა რეჯისს გაფრთხილებებით აჯობა, სლოვენიელ ევროპის მოქმედ ჩემპიონ როკ დრაკშიჩთან კი პირწმინდად დამარცხდა.

მეოთხედფინალში ფრანგ უგო ლეგრანთან ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა დათმო ტატალაშვილმა. მასპინძელს 2 გაფრთხილება ჰქონდა მიღებული და ქართველს ვერაფერს უხეხებდა, თუმცა, ჩვენებური ვაზარიზე მაინც დააგდო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მანამდე ტატალაშვილმა რუს მუსა მოგუშკოვს 56 წამში იპონით აჯობა, ლატვიელი დმიტრის ფედოსეინკოვსი კი 4-ჯერ გააფრთხილეს და ბრძოლიდან მოხსნეს.

რეპეშაჯის საწყის რაუნდში რეხვიაშვილი და ტატალაშვილი ერთმანეთს გაეჯიბრებიან, მათ შორის გამარჯვებული კი ბრინჯაოს მედალს უნგრელ მიკლოშ უნგვარსა და ჰოლანდიელ დექს ელმონტს შორის წაგებულს შეეცილება.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს.

0.122074