ტოკიოს ძიგორო კანოს სახელობის დიდი სლემის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ დღესთან შედარებით უკეთ იჭიდავეს, მაგრამ სამეულამდე მისვლა მაინც ვერ მოახერხეს. დღეს მედლები 73, 81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება.
ნაკრების დებიუტანტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, პირდაპირ მე-5 ადგილზე გავიდნენ. ჭრიკიშვილი სამეულამდე იაპონელმა ტაკაჰირო ნაკაიმ არ მიუშვა. შეხვედრის ბედი ნაკაის ვაზარმა გადაწყვიტა. ამ შეხვედრამდე, ახალგაზრდა ქართველმა 2 მეტოქე ჩამოიცილა – პოლონელ რობერტ კრავჩუკს იუკოთი სძლია, ხოლო მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერს, ამერიკელ ტრევის სტივენსს – ორ წუთში, იპონით.
ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელ სო კეუნ სონგს ორ წუთსა და 42 წამში მოუმთავრა საქმე, არგენტინელ ჰექტორ კამპოსს 2 იუკო აკმარა. ბრაზილიელ ტიაგო კამილოს ვაზარი კი აუღო, მაგრამ თავად ორჯერ წამოეგო და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.
დღესვე, ტატამზე თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) და გიორგი ბაინდურაშვილიც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირი ორივემ მოუგებლად დაასრულა. პაპოშვილი უზბეკ ნავრუზ ჟურაკბილოვთან ორწუთნახევარში, იპონით დამარცხდა, ბაინდურაშვილს კი პორტუგალიელმა დიოგო ლიმამ იუკოთი აჯობა.
ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ:
73 კგ
დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) – იუკი ნიშიამა (იაპონია)
ნიკოლას ტრიტონი (კანადა) – რიკი ნაკაია (იაპონია)
81 კგ
ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) – ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
იან ბარტონი (ბრიტანეთი) – მასაჰირო ტაკამაცუ (იაპონია)
90 კგ
ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი) – ტიაგო კამილო (ბრაზილია)
დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) – მასაში ნიშიამა (იაპონია)
ოთარ მაღლაკელიძე







