სტატიები

12:55 | 10.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭოტები

ევროპაში სულ 12 ნაკრებია, რომლებთანაც საქართველოს ეროვნულს არასოდეს უთამაშია. ამ 12-ს შორისაა ფინეთიც. 12 ოქტომბერს საქართველო-ფინეთის პირველი რანდევუ გაიმართება ჰელსინკის 40000-იან "ოლიმპიურზე". რას წარმოადგენს დღევანდელი Huuhkajat? ეს ფინური სიტყვაა და ქართულად "ჭოტს" ნიშნავს. და ჭოტები რა შუაში არიან და რატომ ჰქვია მეტსახელად ფინეთის ნაკრებს, აქვე ვიტყვით.
ამბავი ახლო წარსულში მოხდა. 2007 წელს ფინელები ბელგიას მასპინძლობდნენ და თამაშისას სტადიონზე ჭოტი შემოფრინდა, რომელიც ძალიან გაჯიუტდა - ხან ერთ ფეხბურთელთან მიფრინავდა, ხან მეორესთან... მსაჯი მატჩს არ აგრძელებდა, გულშემატკივრები კი ხალისობდნენ და ფრონველს "ბუბი" შეარქვეს.
როგორც იქნა, ჭოტმა სტადიონის ტერიტორია დატოვა. ეს მაშინ, როცა 0:0 იყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შეფრინდა და მალევე ფინელებმა ანგარიში გახსნეს. ის მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. იმ დღიდან მოყოლებული, ფინელი ქომაგებისთვის ჭოტი ნაკრების თილისმაა. მან ხომ თავისი "ვიზიტით" გამარჯვება დაუბედა ეროვნულ გუნდს.
ჭოტი "ბუბი" 2007 წელს ფინეთის "წლის მოქალაქედ" დაასახელეს.
ფინელები არასოდეს ყოფილან დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე. მხოლოდ ორჯერ იყვნენ ზღვარზე (ევრო 1980, ევრო 2008) და ცოტა დააკლდათ. სკანდინავიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი 1911 წელს შვედეთთან გამართა და 2:5 წააგო, სულ კი, დღემდე 681 თამაში გაუმართავს: 164 მოიგო, 140 ფრედ დაასრულა და 377 წააგო, ბურთები - 811:1532. ისე, ფინეთი 1908 წელს მიიღეს ფიფაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
წლების განმავლობაში, ფინელები იოლად დასამარცხებელნი იყვნენ და ისეთი ანგარიშებიც ყოფილა, როგორიცაა 0:7, 0:8 და 0:13-იც (1940 წელს გერმანელებთან) კი.
დროდადრო, იშვიათად თუ მოახდენდნენ ხოლმე ფინელები მინი-სენსაციას. მაგალითად, 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ფინალური ეტაპისკენ გზა იტალიას გადაუკეთეს - რომში 0:0 ითამაშეს. ევრო 1980-ის შესარჩევში კი საბჭოთა კავშირს შინ და სტუმრადაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ერთხელაც არ მოაგებინეს (0:0, 2:2).
იარი ლიტმანენი - ადამიანი-ლეგენდა, რომელსაც ფინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ ჰყავს. ლიტმანენი ლიდერია როგორც სანაკრებო თამაშების რაოდენობით (137), ასევე გოლებითაც (32). მან შარშან დაასრულა კარიერა, ნაკრებში კი 21 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ბრწყინვალე სეზონები გაატარა "აიაქსში" და ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის რჩეული მოთამაშე გახლდათ.
მას ფინეთის რამდენიმე ქალაქში დაუდგეს ძეგლი. ლიტმანენი ამჟამად 41 წლისაა. იარისთან ერთად ნაკრებში თამაშობდა მიქსუ პაატელაინენი, "ჭოტების" ახლანდელი თავკაცი. ფინელებს სხვა გამორჩეული მოთამაშეებიც ჰყოლიათ: "ჩელსიში" ნათამაშები მიკაელ ფორსელი, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა და ნაკრებში აღარ იწვევენ. ექსლივერპულელი მცველი სამი ჰიუპია, "ბოლტონის" ყოფილი მეკარე იუსი იაასკელაინენი, ასევე გოლკიპერი ანტი ნიემი, რომელიც წლების განმავლობაში პრემიერლიგაში გამოდიოდა. "გლაზგო რეინჯერსისა" და "ჩარლტონის" ყოფილი ბომბარდირი ჯონათან იოჰანსონიც უნდა ვახსენოთ. და მაინც, ლიტმანენი სხვა განზომილება იყო.
ფინელთა ნაკრების ისტორიაში პაატელაინენი 25-ე მწვრთნელია. პაატელაინენი 2011 წლიდანაა ამ პოსტზე და 16 შეხვედრაში 7 გამარჯვება მოაპოვებინა გუნდს. ყველაზე შთამბეჭდავები წლეულს იყო: 28 მაისს ავსტრიაში თურქეთს 3:2 სძლია, ხოლო ბოლოს, 11 სექტემბერს ტეემუ პუკის გოლით ჩეხეთს სტუმრად ამხანაგურში 1:0 აჯობა.
ასე რომ, ბოლო მატჩების გათვალისწინებით, "ჭოტები" კარგ ფორმაში არიან. არც შესარჩევის პირველ მატჩში უთამაშიათ ცუდად, როცა შინ ფრანგებთან 0:1 წააგეს.
ფინელებმა გასულ შესარჩევში, საქართველოს ნაკრების მსგავსად, 10 ქულა აიღეს. ისინი საკმაოდ ჩამორჩნენ ჰოლანდიას, შვედეთსა და უნგრეთს, ხოლო გაასწრეს მოლდოვასა და სან მარინოს. სხვათა შორის, სან მარინოს შინ 8:0 სძლიეს და ეს სარეკორდო გამარჯვებაა მათ ისტორიაში.
პუკიზე დავწერეთ, რომ ჩეხეთს გაუტანა გადამწყვეტი გოლი 11 სექტემბერს გამართულ ამხანაგურში. ის 22 წლისაა და შარშან გერმანულმა "შალკემ" იყიდა ჰელსინკის ჰიკ-იდან. პუკი სულაც არაა "შალკესთვის" უმნიშვნელო ფეხბურთელი, სათამაშო პრაქტიკას აძლევენ და ისიც კარგად იყენებს. სხვათა შორის, "ხუმარებმა" მისგან გოლებიც იწვნიეს, ჰიკ-თან 0:2 წააგეს და ორივე ბურთი ამ ახალგაზრდა ფორვარდმა გაუტანათ, ერთ თვეში კი თავისთან გადაიბირეს.
საერთოდ, ფინეთი ტიპურ სკანდინავიურ ფეხბურთს თამაშობს. საკმაოდ სწრაფი, ენერგიული და ფლანგებიდან მოთამაშე გუნდია. კვლავაც ნაკრებშია მცველი პეტრი პასანენი, რომელიც დავით დევდარიანის, დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის თანაგუნდელია დანიურ "ორჰუსში". დაცვის ლიდერი კი ნიკლას მოისანდერი გახლავთ - ნაკრების კაპიტანი, რომელიც "აიაქსში" ირიცხება და ერთი კვირის წინ "რეალს" გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში.
ნახევარდაცვაში საუკეთესოა 25 წლის რომან ერიომენკო. ნაკრებში თამაშობს მისი ძმაც, 29 წლის ალექსეი ერიომენკოც. ისინი მოსკოვის "სპარტაკის", "დინამოსა" და "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ალექსეი ერიომენკოს შვილები არიან და ბავშვობიდან ფინეთში ცხოვრობდნენ, რადგან მამამ საბჭოეთის დაშლისას სკანდინავიაში გააგრძელა კარიერა. ერიომენკოები ყაზანის "რუბინში" თამაშობენ.
საქართველოსთან მატჩის წინ საკადრო პრობლემები აქვთ. მიქსუ პაატელაინენის გუნდს ორი ფორვარდი გამოაკლდა ტრავმის გამო: ნიაზი კუქი ბერძნული "ატრომიტოსიდან" და მიკა ვიაიურიუნენი ჰელსინკის ჰიკ-იდან. კუქის არყოფნა უფრო დაეტყობათ - წარმოშობით კოსოვოელი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა.
მათ ნაცვლად პაატელაინენმა ერთ ფორვარდს უხმო. ეს გახლავთ რონი პოროკარა, რომელიც ისრაელის "კირიათ შმონაში" თამაშობს, ნაკრებში 22 მატჩი ჩაუტარებია და 5 გოლი გაუტანია.
ესეც "ჭოტებზე". ვნახოთ, რამდენად იღბლიანი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევის პირველი გასვლითი მატჩი.

 

0.176407