გასული კვირა უიღბლო გამოდგა ქართველი ქალი ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტურნირებში მრავლად ჩაებნენ, თუმცა, წარმატებას ვერცერთმა მათგანმა მიაღწია.
კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ 50-ათასიან ტურნირზე მერვედფინალში დაასრულა ასპარეზობა ანა ტატიშვილმა, რომელმაც პირველ ნომრად განთესილ მასპინძელ სტეფანი დიუბუას პირველი სეტი მოუგო, თუმცა, 6:3, 1:6, 0:6 დამარცხდა.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს სოფო ქვაცაბაიამა და ეკატერინე გორგოძემ. ქვაცაბაიამ პირველი რეიტინგის მქონე იტალიელ ანა ფლორისთან 5:7, 6:2, 3:6 წააგო, გორგოძე კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ნანული ფიფიასთან 1:6, 1:6 განადგურდა.
ცნობისთვის, 17 წლის ფიფიამ, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 448-ე ადგილზეა, მერვედფინალში სოფო შაფათავასაც სძლია, ამდენად, ნანული ეგვიტეში ყოფილ თანამემამულეთა რისხვად იქცა.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძისა და შაფათავას მე-3 ნომრის მქონე დუეტმა პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-ფრანგულ (ბუზარნესკუ-ტორპე) ტანდემთან 4:6, 7:6 (7:2), 9:11 წააგო.







