საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც მცირე ხნის წინ ფედერაციის თასის II ჯგუფში ევრო-აფრიკული ზონა მოიგო, რეიტინგში საგრძნობი წინსვლა განიცადა.
საქართველოს ნაკრები ლიტვაში გამართულ ტურნირზე მოპოვებული წარმატების წყალობით, 11 პოზიციით დაწინაურდა და 933 ქულით მე-40 ადგილზე, ეკვადორს და ფილიპინებს შორის იმყოფება.
განახლებულ კლასიფიკაციაში, 97 გუნდს შორის, ქართველებზე დიდი წინსვლა მხოლოდ ხუთმა ნაკრებმა განიცადა, რეკორდსმენი კი ლიხტენშტეინია, რომელიც 33 საფეხურით აღზევდა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ლიხტენშტეინი გახლდათ ის ნაკრები, რომელმაც II ჯგუფის პლეი ოფში, საქართველოს დარად იმარჯვა და მომავალ სეზონში I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ნაკრებმა სოფო შაფათავას, ოქსანა კალაშნიკოვას, ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას შემადგენლობით (კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი) შიაულაიში ჩატარებულ შეჯიბრზე ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინა, სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე დაამარცხა, პლეი ოფში კი ფინეთს აჯობა.