ფეხბურთი

1:06 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" ათათურქი ვერ მოერია

დავიწყებ გიორგი რეხვიაშვილით. რაც მან დღეს ბურსას სტადიონ "ათათურქზე" ითამაშა და იბრძოლა, მსოფლიოს ტოპ-მცველები მოაწერდნენ ხელს. თურქი კომენტატორებიც კი,  გაოცებულნი, ყველაზე ხშირად მის გვარს ახსენებდნენ. რეხვიაშვილმა, რომელიც თბილისის "დინამომ" ვერ (არ) შეინარჩუნა და რომელსაც ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში, კედელივით აღუდგა თურქების გააფთრებულ შეტევებს.

მოდით, ამ ფეხბურთელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ! თუმცა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ქების სიტყვები თითოეულს ეკუთვნის! და სოსო ფრუიძეზეც ვთქვათ, რომელსაც მხოლოდ 11 კაცით დაცვაზე არ უფიქრია, გუნდს გუნდურობა ეტყობოდა და "ჩიხურამ" არაერთი სახიფათო კონტრშეტევაც განახორციელა. რაც მთავარია, მთელი 90 წუთის განმავლობაში, ქართულ კლუბს კონცენტრაცია არ დაუკარგავს – კი, იყო პერიოდები, როცა განსაკუთრებით გაუჭირდათ, მაგრამ გამონახეს ძალა და ბოლო 15-20 წუთში შტურმის საშუალება აღარ მისცეს მასპინძლებს.

ყველაზე რთული მონაკვეთი მეორე ტაიმის საწისი 20 წუთი იყო. მანამდე პირველ ტაიმზე: მე-11 წუთზე ვოლქან შენმა ჩააწოდა, ფერნანდაომ ხუთი მეტრიდან თავური დაარტყა და მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, დამატებაზე კი ფერნანდო ბელუჩი გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ გიორგი რეხვიაშვილმა დაუფარა და უეჭველ გოლს გადაარჩინა გუნდი.     

რაც დრო გადიოდა, "ჩიხურა" სულ უფრო უკეთ თამაშობდა. მართალია, თურქებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ძალიან ორგანიზებულად თამაშობდნენ ქართველები და რამდენჯერმე შეტევაშიც დერეფანი გაეხსნათ – ეგაა, ვერ გამოიყენეს. სივრცე უფრო ქართველთა შეტევის მარცხენა ფლანგზე იქმნებოდა, რადგან თურქების მარჯვენა მცველი ძალიან ერთობოდა წინ წასვლით.

იყო ტრაორეს აცილებული თავური, ფერნანდაოს არაზუსტი დარტყმა, მთლიანობაში კი "ჩიხურა" დამაჯერებელი გახლდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში თურქთა კაპიტანმა ოზთურქმა თავით ხარიხას გაარტყა ბურთი, ამას მოჰყვა ენეშ უნალისა და ბელუშის ოდნავ არაზუსტი დარტყმები, ერთხელ კი ქვილითაიამ ტრაორეს არ გაატანინა. კუთხური კუთხურს მოსდევდა და ძალიან გაუჭირდა "ჩიხურას" – ეს ის პერიოდი იყო, რომელზეც ვთქვით და გუნდი კონტრშეტევებსაც ვერ ახერხებდა.

უნდა ითქვას მსაჯზეც: არაერთ მომენტში თურქების მიერ წესების დარღვევაზე თვალები დახუჭა. განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, როცა საჩხერელები კონტრშეტევას იწყებდნენ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობოდა. 

73-ე წუთზე კი "ჩიხურას'შეეძლო გატანა: ბესიკ დეკანოიძემ დაფარული პასით მოძებნა გიორგი დათუნაიშვილი, რომელსაც ბეჰიჩმა ოდნავ დაასწრო და კუთხურზე გადააგდო ბურთი. ეს არ ყოფილა "ჩიხურას" ყველაზე სახიფათო მომენტი... 85-ე წუთზე დავით ოდიკაძე კარგად ჩაერთო შეტევაში, საჯარიმოში ლაშა კუჭუხიძეს გადააწოდა, რომელმაც გაბედავას დაუგორა და გიორგის ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მისი დარტყმული მცველს მოხვდა. შეტევა გაგრძელდა და გაბედავას კვლავ შეეძლო გატანა, მაგრამ  - ისევ მცველი. სასწაულებრივად გადარჩა შენოლ გიუნეშის გუნდი.

ბოლო წამებზე კი, როცა მსაჯმა 3 წუთი დაამატა და 4 ათამაშა, "ბურსას" ენეშ უნალმა თავით ვერ დაარტყა კარგად და ააცილა. "ჩიხურამ" გაუძლო, ბევრ მომენტში რეხვიაშვილმა სასწაულები აკეთა, თუმცა კიდევ ვიმეორებთ – ეს არ იყო მხოლოდ მოგერიებაზე თამაში, ფრუიძის გუნდი არც კონტრშეტევებზე ამბობდა უარს და ამაოდ შიშობდა ბევრი, რომ საჩხერელები დიდი ანგარიშით წააგებდნენ.            

      

17.07. 20:30. ბურსა. "ათათურქი"

ბურსასფორი (თურქეთი) – ჩიხურა (საჩხერე, საქართველო)  0:0

ბურსასფორი: თექინი, ოზბაირაკლი, ჩიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ტრაორე, ვოლქან შენი, ბელუჩი, ბექირი (ოზანი 82), ქარაბულუტი (ფერჰატი 46), ფერნანდაო (ენეშ უნალი 54).

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.

ჩიხურა: ქვილითაია, ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, ბეჭვაია, ჯიღაური, დათუნაიშვილი, დეკანოიძე (კორიფაძე 90+1), გაბედავა, კუჭუხიძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გაფრთხილება: გაბედავა (23), ფერნანდაო (34), დეკანოიძე (48), ენეშ უნალი (75), ბექირი (81)

მსაჯი: როი რაინშრაიბერი (ისრაელი)

0.156115