ფეხბურთი

22:32 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" თავკაცი: "გულშემატკივრებს მხარდაჭერას ვთხოვთ"

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და თურქულ “ბურსასფორს” შორის გასამართი მატჩის წინადღეს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მეტოქე გუნდების მთავარი მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ. მოგეხსენებათ, “ბურსასფორი”-“ჩიხურას” პირველი მატჩი თურქეთში ფრედ 0:0 დასრულდა.

პრესკონფერენციამდე საჩხერელთა თავკაცმა გუნდი მცირედი დატვირთვით ავარჯიშა და შემდეგ, დავით ოდიკაძესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სოსო ფრუიძის განცხადებით, "ჩიხურას" ფეხბურთელებმა უკვე გაითავისეს, რომ წარმატების მიღწევა ნამდვილად შეიძლება:

- ძირითად შემადგენლობაში რაიმე ცვლილებას ხომ არ გეგმავთ და გადალახეს თუ არა ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური წნეხი?

- ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელები შევცვალოთ და მუდმივი როტაცია მიმდინარეობდეს. ასე რომ, არანაირ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ჩვენ არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ გაგვაჩნია. თურქეთში მატჩის დროს ბიჭები მიხვდნენ, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება და ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. გულშემატკივრებს კი, რა თქმა უნდა, გვერდში დგომისკენ მოვუწოდებთ.

დავით ოდიკაძე ("ჩიხურას" კაპიტანი): “ჩვენ მონდომება ნამდვილად არ გვაკლია და რაც უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა მატჩზე, მით უფრო კარგი იქნება. ხვალინდელ მატჩში მხარდაჭერის იმედი გვაქვს”.

ძალიან თავდაჯერებული ჩანდა "ბურსასფორის" მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში. თურქმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბურსაში მხოლოდ მოგებული დაბრუნდება:

"პირველ მატჩში აშკარად უნდა მოგვეგო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და რაც მთავარია, სახლში მოგებულებს გვინდა დაბრუნება. "ჩიხურამ" დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია და დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ."

მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" ყაზახურ "აკტობესთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში 0:4 (0:1, 0:3) წააგო, ქართველი გულშემატკივრები "ჩიხურა" - "ბურსასფორის" და "ტრნავა" - "ზესტაფონის" მატჩებზე უნდა გადმოერთონ.

"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი კლუბი და "ბურსასფორი" 24 ივლისს, 21:00 საათზე ორმატჩიანი დუელის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ. "ზესტაფონის" შეხვედრა, "ჩიხურასგან" განსხვავებით, ნახევარი საათით გვიან დაიწყება.

გიორგი ბალახაძე     

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154629