საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ევროპის ლიგის პირველი ეტაპის კენჭისყრით კმაყოფილია.
სოსო ფრუიძე: “კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ, ხოლო “ვადუცი” - პირველში, ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ. პირველ მატჩს 4 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გავმართავთ”.
- სეზონის დასრულების შემდეგ, “ჩიხურა” ფეხბურთელთა სოლიდურმა ჯგუფმა დატოვა და მათ ნაცვლად ახალი მოთამაშეები მოვიდნენ. ევროპის ლიგის მატჩებისთვის გუნდი შეთამაშებას მოასწრებს?
- სასტარტო შემადგენლობის 3-4 მოთამაშე გავუშვით. დანარჩენები ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც სასტარტოში ვერ ხვდებოდნენ და სულ 1-2 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული. ჩემი ნათქვამი გუნდის გაახალგაზრდავების შესახებ ზოგიერთმა არასწორად გაიგო. 16-17 წლის ბიჭებით თამაშს არ ვაპირებთ. მოვიყვანეთ 25-26 წლის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები და ვფიქრობ, იმაზე ცუდი გუნდი არ გვეყოლება, რაც გასულ სეზონში გვყავდა.
- გასაკვირია, რომ დავით კირკიტაძეს შეელიეთ, რომელიც “ჩიხურას” ერთ-ერთი ლიდერი იყო...
- კირკიტაძეს “მეტალურგში” ისეთი პირობები შესთავაზეს, რომელსაც ჩვენ ვერ დავუკმაყოფილებდით. წელიწად-ნახევრის წინ მას არავინ იცნობდა და განვლილ პერიოდში, საქართველოში ფლანგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ე.ი. ჩვენც რაღაც გაგვიკეთებია.
იუზა კაციტაძის ფოტო