საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზეა. სოსო ფრუიძის გუნდმა საშინაო 0:0-ის შემდეგ, სტუმრად 1:1 ითამაშა და სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით გავიდა. ზემოიმერული კლუბი ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასებზე და ეტაპი გადალახა, რაც ქართული ფეხბურთისთვის სასიამოვნო ამბავია. მართალია, ლიხტენშტაინის "ვადუცი", რბილად რომ ვთქვათ, გრანდი არაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ "ჩიხურა" საევროპოდ კარგად ვერ მოემზადა - ფაქტობრივად, შეკრებაგაუვლელი შეხვდა ამ მატჩებს.
ვადუცის "რაინპარკზე" ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა. ეს ასე მოხდა: ბესიკ დეკანოიძემ განახორციელა გარღვევა, მოძებნა ჯიღაური და მასაც პრობლემა არ შექმნია - ექვსიოდე მეტრიდან ზუსტად დაარტყა და 0;1. ასე წერს ერთ-ერთი ლიხტენშტაინური წყარო.
29-ე წუთზე მარკო სუტერმა თავით გაიტანა მაღალ კუთხეში და მეტი გოლი აღარ გასულა. ბურთს "ჩიხურა" უფრო ფლობდა, მასპინძლები კი სწრაფ შეტევებსა და ჩაწოდებებზე აკეთებდნენ აქცენტს.
სამწუხაროდ, ამ მატჩის ნახვა საქართველოში შეუძლებელი იყო, რადგან იქაური ტელეარხებიც კი არ გადასცემდნენ რეპორტაჟს. ისევ უეფას საიტის მიხედვით ვიგებდით, რა ხდებოდა...
მეორე ნახევარში "ჩიხურას" მეკარე გიორგი სომხიშვილმა რამდენჯერმე მოიგერია რთული ბურთი, ხოლო ქართველებმა ორჯერ ძელს გაარტყეს. გოლებზე კი უკვე ვთქვით.
ფრუიძემ პირველი შეცვლა 83-ე წუთზე გააკეთა, თუმცა ეს გასაგებიცაა - გუნდს მწირი რეზერვი აქვს.
"ჩიხურას" ვულოცავთ ამ წარმატებას. II ეტაპზე კი "ვადუცზე" ძლიერი გუნდი ელით: შვეიცარიის სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი "თუნი". პირველი მატჩი 18 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება, საპასუხო კი - 25 ივლისს თბილისის "მიხეილ მესხზე".
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. II მატჩი.
11.07. 21:00. ვადუცი. "რაინპარკი". 1125 მაყურებელი
"ვადუცი" _ "ჩიხურა" 1:1 (1:1)
ვადუცი: იელე, ნიდერჰაუზერნი, პერგლი, სარა, ბურგმაიერი, ბარონი (ტიგაზუი 63), ნიმაიერი (კეჩინი 86), პაკი, ჰასლერი, შიურპფი, სუტერი.
მწვრთნელი: ჯორჯო კონტინი.
"ჩიხურა": სომხიშვილი, ოდიკაძე, ჩიკვაიძე, რეხვიაშვილი, კაშია, ლომაშვილი, ბეჭვაია, გიორგი დათუნაიშვილი, ჯიღაური, დეკანოიძე (ქიმაძე 90), წინამძღვრიშვილი (გოგატიშვილი 83).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლები: 0:1 ჯიღაური (2), 1:1 სუტერი (29).
გაფრთხილება: სარა (47), დეკანოიძე (47), წინამძღვრიშვილი (48), რეხვიაშვილი (57), სომხიშვილი (81).
გოლები