უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საწყის მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” მაკედონიაში ადგილობრივი “ტურნოვო” 1:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ კარგი ფორა შეიქმნა.
ქართული გუნდისთვის თამაში მძიმე გამოდგა, რადგანაც სტუმრებმა ტაიმზე მეტი 10 ფეხბურთელის ამარა იასპარეზეს. მატჩის უნგრელმა არბიტრმა ადამ ნემეტმა ჩიკვაიძე 42-ე წუთზე გააძევა და ცხადია, რომ მე-2 ნახევარში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ.
წითელ ბარათამდე კი უფრო ყოჩაღად საჩხერლები თამაშობდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, როდესაც გაბედავას კუთხურს კუჭუხიძე გამოეხმაურა და მასპინძელთა გოლკიპერ დიმოვსკის კარი დალაშქრა.
მალევე “ჩიხურას” ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება შეეძლო, თუმცა, მცირედით არ გაუმართლა – 39-ე წუთზე ბეჭვაიას მიერ “გასროლილი” ბურთი ძელმა აისხლიტა.
როგორც აღვნიშნეთ, მე-2 ტაიმში, გასაგებ მიზეზთა გამო, მაკედონიელი ფეხბურთელები დომინირებდნენ და ანგარიშის გათანაბრების შანსი რამდენჯერმე მიეცათ. პანდევის და გეორგიევის დარტყმები სომხიშვილმა უკუაგდო, 86-ე წუთზე კი ისიც უძლური იქნებოდა, შეცვლაზე შესულ ჩურლინოვს ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა...
დაპირისპირების საპასუხო მატჩი 10 ივლისს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 20:00 საათზე დაიწყება. ცხადია, განმეორებით თამაშში “ჩიხურას” დისკვალიფიცირებული ჩიკვაიძე დააკლდება.
უეფა-ს ევროპის ლიგა. 1-ლი საკვალიფიკაციო რაუნდი. 1-ლი მატჩი. “ფილიპ II მაკედონსკი” (სკოპიე), მაკედონია
“ტურნოვო” (მაკედონია) – “ჩიხურა” (საქართველო) 0:1 (0:1)
“ტურნოვო”: დიმოვსკი, ტასევი, ილიევი (კოჩოსკი, 62), მუტაფჩისკი, მეცინოვიჩი, ვარელოვსკი, ნაიდენოვი (სტოილოვი, 54), პანდოვსკი, დოლაპჩიევი (ჩურლინოვი, 54), გეორგიევი, პანდევი.
მწვრთნელი: გოჩე სედლოსკი.
“ჩიხურა”: სომხიშვილი, ჭელიძე, ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი, ბეჭვაია, ოდიკაძე, გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე, 86), დეკანოიძე (კორიფაძე, 79).
მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე.
გოლი: კუჭუხიძე (31).
გაფრთხილება: მუტაფჩისკი (61), ჩურლინოვი (92).
გაძევება: ჩიკვაიძე (42).
მსაჯი: ადამ ნემეტი (უნგრეთი).