საჩხერის “ჩიხურამ” შინ მოგებული 2:0 კინაღამ ქარს გაატანა, თუმცა “კინაღამ” აღარ ითვლება: ზემოიმერლები ფინალში გავიდნენ და როგორც რამდენიმე საათში გაირკვა, ევროტურნირების საგზურიც გაინაღდეს. სოსო ფრუიძის გუნდმა თბილისის “დინამოსთან” ფინალი რომც წააგოს, ფინალისტის გზით უკვე მოპოვებული აქვს ევროსაგზური – “დინამო” ხომ ქვეყნის ჩემპიონია.
ნერვების თამაში იყო “თამაზ სტეფანიაზე”. მეორე ნახევარში “სიონი” საკმაო უპირატესობას ფლობდა და 1:0-ის შემდეგ კიდევ ორი მომენტი შექმნა, თუმცა მეორე გოლს ვერ ეწია. ის ერთადერთი გოლი კი მასპინძლებმა პენალტით შეაგდეს: 65-ე წუთი იყო, ზაალ ელიავამ ჯარიმა დაარტყა, ბურთი ხელზე მოხვდა ცოცხალ კედელში მდგომ ნიკა კვასხვაძეს და სირიელმა მსაჯმა აბდულა ბასლეჰლომ 11-მეტრიანი დანიშნა. კოკა მიკუჩაძემ ზუსტად დაარტყა – 1:0.
არმაზ ჯელაძის გუნდს ტრავმის გამო აკლდა ირაკლი კლიმიაშვილი, ლადო ახალაია, გიორგი ჩივაძე, სერგი ორბელაძე და მეკარე მინდია ბობღიაშვილი, ხოლო “ჩიხურამ” ვაჟა ლომაშვილი მოისაკლისა.
ველოდით, რომ “სიონი” შინ პირველივე წუთებიდან შეტევებით დაიწყებდა და სწრაფ გოლზე გააკეთებდა გათვლას. თუმცა, საწყის 20 წუთში ბოლნისელები ორჯერ გადაარჩინა ძელმა – ჯერ დავით ოდიკაძის, შემდეგ კი კვასხვაძის შორიდან დარტყმულების შემდეგ. განსაკუთრებით ეფექტური იყო კვასხვაძის მოულოდნელი გასროლილი, როცა მეკარე მირზა მერლანმა მოასწრო რეაგირება და მისი ხელიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა ძელს.
“ჩიხურას” ერთი გოლი ინტრიგას მოსპობდა, თუმცა ამ ორი მომენტის შემდეგ, ზემოიმერლებს გატანის რეალური შანსი აღარ ჰქონიათ. დაახლოებით 25-ე წუთიდან მსაჯის საფინალო სასტვენამდე “სიონის” შეტევები ვიხილეთ. შესვენებამდე კოკა მიკუჩაძის აქტიურობას მოჰყვა მომენტი, მაგრამ ირაკლი ლექვთაძე ვერ გაერკვა სიტუაციაში. ლექვთაძეს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი ვერ შეინარჩუნა და “ჩიხურას” მცველებმაც იმარჯვეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა გიორგი ცხადაიამ და დავით სვანიძემ ოდნავ ააცილეს. მიკუჩაძის გოლზე უკვე დავწერეთ და უნდა ითქვას, კოკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. “ჩიხურას” მცველებსა და საყრდენ ნახევარმცველებს ყველაზე მეტად ის უქმნიდა პრობლემებს. საჩხერელთაგან კი დავით ოდიკაძესა და დავით ბოლქვაძეს გამოვარჩევდით – დიდწილად სწორედ ბოლქვაძის დამსახურებაა, რომ “ჩიხურა” ზოგჯერ ბურთის დაჭერას ახერხებდა. ოდიკაძის ფლანგზე კი, “სიონის” მხრიდან განსაკუთრებით სახიფათო არაფერი შექმნილა.
ბოლო 10 წუთი: “სიონი” გააფთრებით უტევდა და ჯერ დაჩი ფოფხაძემ ახლოდან თავით ოდნავ ააცილა, ხოლო 87-ე წუთზე ვილი ისიანმა ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი კარისკენ და მეკარე გიორგი სომხიშვილმა ნახტომში მოიგერია.
მატჩის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე დღეში ბასლეჰლო გახლდათ. სირიელ მსაჯს სტვენა და გინება არ აკლდა. განსაკუთრებით კი, ორ მომენტში: პირველ ტაიმში ჯაბა უგულავას, ხოლო მეორეში გიორგი ბიბილეიშვილის წაქცევისთვის ითხოვდნენ პენალტს.
“აშკარა პენალტი იყო. მივრბოდი და თითქმის ერთი-ერთზე გავდიოდი, როცა მცველმა გვერდზე გადამაგდო” – მითხრა მატჩის შემდეგ ბიბილეიშვილმა.
ჰო, პირველი ტაიმის ბოლოს მინდორზე სკამიც გადმოვარდა. ნერვული თამაში იყო და ეს ქომაგებზეც მოქმედებდა.
ასეა თუ ისე, “ჩიხურა” ევროტურნირებზე გავიდა და ვულოცავთ! “სიონს” კი ქება ეკუთვნის – ზედა ექვსეულის ორი გუნდი გამოთიშა თასიდან და მესამესაც დიდი ბრძოლა გაუმართა. ცოტაღა დააკლდა და თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა.
“სიონი” (ბოლნისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 1:0 (0:0)
პირველი მატჩი – 0:2.
საქართველოს თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
8.05. 16:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 1200 მაყურებელი
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე, სვანიძე, ელიავა, ცხადაია (ისიანი 83), ჯოჯუა, ლექვთაძე (ბიბილეიშვილი 71), მანწკავა (უგრეხელიძე 59), მიკუჩაძე, უგულავა.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.
ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი, შოთა კაშია, ჩიკვაიძე (ქიმაძე 88), დიღმელაშვილი, დავით ბოლქვაძე, კირკიტაძე (ჩხეტიანი 63), კვასხვაძე, დეკანოიძე (რევაზ გოცირიძე 60).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლი: 1:0 მიკუჩაძე (65 პენ)
გაფრთხილება: სვანიძე (32), მიკუჩაძე (35), ქემოკლიძე (45), ოდიკაძე (55), ბოლქვაძე (61), კვასხვაძე (65), საჯაია (66), დიღმელაშვილი (68), ჯოჯუა (83), ისიანი (86).
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).





