ფეხბურთი

23:08 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” პლეი ოფს ვერ შესწვდა

“ნეფთჩიმ”, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის “კოპერთან” ჩატარებული საპასუხი შეხვედრის მსგავსად, ახლაც აჩვენა, რომ გასვლაზე უკეთ თამაშობს ვიდრე შინ. ამჯერად, ბაქოელთა გმირი სენეგალელი ერნესტ ნფორი აღმოჩნდა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში არაფრით გამორჩეულა, ხოლო დღეს 3 გოლი გაიტანა.

“ჩიხურამ” კი იბრძოლა რაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს საჩხერელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა. ევროპა ლიგის პლეი ოფში აზერბაიჯანელები გავიდნენ.

საერთაშორისო მატჩების ორგანიზება ჩვენთან რომ პრობლემაა, “ჩიხურა”- “ნეფთჩის” დაპირისპირებამდეც გამოჩნდა. როგორც წესი, საქართველოში სტადიონზე შესასვლელ კარებს ნაწილობრივ აღებენ და “საცობები” იქმნება. ამჯერადაც ასე იყო, “მიხეილ მესხის” სტადიონზე შესასვლელი “ტურნიკეტების” გამტარუნარიანობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ხალხის დიდი მასა მოგროვდა. საქმე იქმდეც მივიდა, რომ გულშემატკივრებმა “ტურნიკეტებს” ზემოთ გადაძრომა დაიწყეს.

ისე, ისინიც სცოდავდნენ, რადგან სტადიონის კიდევ ერთ შესასვლელთან, რომელიც ცენტრალურისგან ათეული მეტრის მოშორებითაა, სიხალვათე იყო. სჩანს, ბევრმა არ იცოდა, რომ “მიხეილ მესხზე” მოხვედრა იქიდანაც შეიძლებოდა. გარდა ამისა, სტადიონზე ინტერნეტი არ იყო და ამან პრობლემები, როგორც ქართველ, ასევე, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შეუქმნა.

აქვე გეტყვით, რომ სტადიონის შესასვლელთან გადამყიდველები გულშემატკივრებს ბილეთებს სთავაზობდნენ...

პირველი საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც “ჩიხურას” დაცვის მარცხენა ფლანგი ჩავარდა და არაზ აბდულაევის ზუსტი პასის შემდეგ ნფორმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიმ გოლის გაშვებისგან გუნდი იხსნა.

მე-12 წუთზე, საჩხერელთა შეტევის დროს, დავით ოდიკაძის გადაცემის მერე, გიორგი გაბედავამ ერთი შეხებით სუსტად და არაზუსტად დაარტყა.

მე-17 წუთზე, ნფორს მიზანმა აღარ უმტყუნა, როდესაც საჯარიმოში არშესულმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა “ცხრიანში” გაიტანა.

23-ე წუთზე, მარცხნიდან ფლავინიო ჩამოწოდების მერე, ნფორმა როგორც ოდიკაძეს, აგრეთვე რეხვიაშვილს დაასწოდა და თავით დაარტყა - ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

საპასუხო შეტევაში გიორგი გაბედავამ დაარტა და აზებაიჯანელის ფეხიდან ბურთი “მოიჭრა”, ხოლო ლაშა კუჭუხიძე მეტოქის მეკარესთან ორთაბრძოლაში შევიდა, თუმცა ვერ იხეირა.

27-ე წუთზე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესულმა ვობაიმ ოდიკაძეს გვერდი აუარა და ასისტენტობა ნფორს გაუწია, რომელმაც ძალიან ახლოდან დუბლი შეასრულა - 0:2. 

30-ე წუთზე, კუჭუხიძემ ბურთი ბაქოელ მცველთა ორთაბრძოლაში მიიღო და კარგი პასი მისცა გაბედავას, რომელიც სტუმართა საჯარიმოში შევიდა და ზუსტად დაარტყა - 1:2.

35-ე წუთზე, მარცხნიდან გიორგი ქიმაძის პასის მერე, ბურთს ვერც გაბედავა მიწვდა და ვერც კუჭუხიძე, თორემ “ჩიხურას” ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ექნებოდა. მალევე, მარჯვნიდან გიორგი დათუნაშივილმა ჩააწოდა და ჯაბა ჯიღაურის “მაკრატელა” არაზუსტი აღმოჩნდა.

39-ე წუთზე, ვობაიმ მარჯვენა ფლანგზე აბდულაევი მოძებნა, რომელმაც “რბილი” პასი მისცა ნფორს და სენეგალელმა თავით გაიტანა – 1:3.

თუ განვლილ მატჩებში “ჩიხურას” დაცვა საიმედოდ თამაშობდა, ამჯერად, ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

45-ე წუთზე, გაბედავამ მარცხნიდან კუთხური მოაწოდა და კუჭუხიძის მიერ ახლო მანძილიდან ვარდნაში სახიფათოდ დარტყმული ბურთი საშა სტამენკოვიჩმა მოიგერია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, “ნეფთჩიმ” მარცხნიდან შეუტია და ფლავიონიოს გადაცემის შემდეგ, კვლავ ნფორმა დაარტყა და მასპინძლები მორიგი გოლის გაშვებისგან ქვილითაიამ გადაარჩინა.

შესვენებაზე ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი ბანერი გაშალა, რომელიც საბოლოოდ პოლიციელებმა ააკეცინეს და საბოლოოდ, ჩამოართვეს.

49-ე წუთზე, ოდიკაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა, კუჭუხიძემ ბურთს თავი შეუცვალა, ხოლო ბაქოელთა საჯარიმოში მყოფმა გაბედავამ კარს დიდი მანძილით ააცილა. 51-ე წუთზე, მარცხნიდან ქიმაძის პასის მერე, კუჭუხიძემ სტუმართა საჯარიმოში ბურთი გაბედავას “დაუგდო”, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა.

55-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან ფლავინიომ შეუტია, რომლის გადაცემის შემდეგ, ნფორმა ახლო მანძილიდან ნახტომში მიზანს ააცილა. 58-ე წუთზე, ბაქოელთა საჯარიმოში მყოფმა ჯიღაურმა მარცხენა ფეხით სახიფათოდ დაარტყა და სტამენკოვიჩმა ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

63-ე წუთზე, ჯიღაურმა შემოტრიალებით დაარტყა და ბურთი აზერბაიჯანელ ფეხბურთელს თავის საჯარიმოში ხელზე მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ქართველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა.

68-ე წუთზე, ჯიღაურმა საუცხოოდ ითამაშა და ოდიკაძე სტამენკოვიჩთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საჩხერელთა კაპიტანმა ვერ გაიტანა. 82-ე წუთზე, ვობაიმ მარჯვნიდან კუთხური მოაწოდა და ნფორმა მარცხენა მახვილი კუთხიდან თავით კინაღამ მეოთხე გოლი გაიტანა. მალევე, შეტევაში ბერტუჩი ჩაერთო და მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 84-ე წუთზე, სამირ მასიმოვმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

86-ე წუთზე, დეკანოიძე რამდენიმე მეტოქეს გაცდა, მაგრამ დარტყმა დაახანა და საბოლოოდ, ბურთი დაკარგა. ორ წუთში, ფლავინიო მარჯვნიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა - ქვილითაიამ ბურთი მოიგერია.

უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი.

ჩიხურა (საჩხერე) – ნეფთჩი (ბაქო) 2:3 (1:3)

პირველი მატჩი 0:0

7 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ჩიხურა: ქვილითაია, ჯიღაური, ქიმაძე, გაბედავა, კუჭუხიძე, კორიფაძე (მუმლაძე, 80), დათუნაიშვილი, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე, რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

ნეფთჩი: სტამენკოვიჩი, კარდოსო, იუნუსზადე, აბდულაევი (მასიმოვი, 74), ფლავინიო (კ), ვობაი (იმამვერდიევი, 84), რამოსი, ბერტუჩი, კაუე, სეიდოვი (ისაევი, 66), ნფორი.

მთავარი მწვრთნელი: ბეიუქაღა გაჯიევი.

გოლები: 0:1 ნფორი (17), 0:2 ნფორი (27), 1:2 გაბედავა (30), 1:3 ნფორი (39), 2:3 გაბედავა (49)

გაფრთხილება: კაუე (20), კარდოსო (53), გაბედავა (68), იუნისზადე (68), ბერტუჩი (63), მასიმოვი (76), დათუნაიშვილი (84)

მთავარი მსაჯი: ტამაშ ბოგნარი (უნგრეთი).

0.344813