საჩხერის "ჩიხურამ" მაკედონიაში მოგებული 1:0-ის შემდეგ, შინ 3:1 სძლია "ტურნოვოს" და ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. სოსო ფრუიძის გუნდი ყველა კომპონენტში სჯობდა სტუმრებს და შეიძლება ითქვას, სადავეები არც გაუშვია ხელიდან. ეგაა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლის გაშვება ცოტა უსიამოვნო იყო, თუმცა მეორე ნახევრის შუაში ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა.
მე-7 წუთზე ლაშა კუჭუხიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და გიორგი გაბედავამ ლამაზი თავურით გახსნა ანგარიში - 1:0. პასიც კარგი იყო (გარე ტერფით, მოულოდნელად) და დარტყმაც.
"ჩიხურა" ფლობდა უპირატესობას და მალევე, კარგი კომბინაციის შემდეგ გიორგი ქიმაძემ ოდნავ ააცილა. მაკედონიელებმა პირველად ტაიმის ბოლო წუთებში დაარტყეს კარში და გიორგი სომხიშვილმა ტასევს აუღო. მე-40 წუთზე იყო მომენტი, როცა ხარიხამ იხსნა სტუმრები: ლაშა კუჭუხიძის შორიდან დარტყმის შემდეგ.
ზედ შესვენების წინ კი "ტურნოვომ" გაათანაბრა: გეორგიევის პასის (თუმცა, უფრო კარში დარტყმას ჰგავდა) შემდეგ, პანდოვსკიმ ახლოდან თავი შეუშვირა ბურთს და მიმართულება უცვალა - 1:1 და მაკედონიელებს იმედი მიეცათ.
მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში კი სტუმართა მწვრთნელმა გოჩე სედლოსკიმ სამივე შეცვლა გააკეთა და აქედან ერთი (რიგით მეორე) იყო იძულებითი. შეცვლები შეცვლებად, არავითარი შედეგი ამას არ მოუტანია და პირიქით, "ჩიხურა" ამის შემდეგ უფრო უკეთ ათამაშდა. 66-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი, კარგი პასით მოძებნა გიორგი გაბედავა, რომელმაც დაახლოებით 30-35 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა. მეკარე? კარიდან ძალიან შორს იყო გამოსული და თუ რატომ, ეს ალბათ მხოლოდ თავად იცის. 2:1.
რამდენიმე წუთში კი გაბედავამ, რომელიც საუკეთესო იყო მინდორზე, დუბლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა: კუთხური ჩააწოდა და გიორგი რეხვიაშვილმა მძლავრი თავურით შანსი არ დაუტოვა მეკარეს – 3:1.
დარჩენილ წუთებში "ჩიხურა" მთლიანად აკონტროლებდა თამაშს და კიდევ იყო მომენტები: გაბედავამ კარგი გარღვევის შემდეგ ააცილა, ხოლო შეცვლაზე შესულმა თორნიკე მუმლაძემ თავით დაარტყა ოდნავ უზუსტოდ.
"ჩიხურამ" I ეტაპი გადალახა და II ეტაპზე "ტურნოვოზე" გაცილებით ძლიერ გუნდს, თურქულ "ბურსასფორს" შეხვდება.
10.07. 20:00. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ჩიხურა – ტურნოვო 3:1 (1:0) პირველი მატჩი – 1:0
ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, რეხვიაშვილი, კაშია, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, ქიმაძე, დეკანოიძე, გაბედავა (კორიფაძე 80), კუჭუხიძე (მუმლაძე 80).
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
ტურნოვო: დიმოვსკი, ვარელოვსკი, მავროვი (დოლაპჩიევი 60), მუფაჩისკი, ჰარიზანოვი (კოვაჩევი 53), ტასევი, ნაიდენოვი, პანდოვსკი (ნაუმჩევსკი 50), გეორგიევი, კურლინოვი, პანდევი
მწვრთნელი: გოჩე სედლოსკი.
გოლები: 1:0 გაბედავა (7), 1:1 პანდოვსკი (45+1), 2:1 გაბედავა (66), 3:1 რეხვიაშვილი (75)
გაფრთხილება: მავროვი (8), კუჭუხიძე (22), გაბედავა (50)
მსაჯი: მანუელ შუტენბერგერი (ავსტრია)