ფეხბურთი

0:13 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ჩიხურა“ ივანწმინდაში მხოლოდ „დილასთან“ აგებს

მიმდინარე სეზონში „ჩიხურა“ და „დილა“ გუშინ მეხუთედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემპიონატში გუნდებს გასვლითი მოგებები ჰქონდათ გაცვლილი, ხოლო თასის გათამაშებას რაც შეეხება, საჩხერელებმა მეოთხედფინალის ორივე შეხვედრა მოუგეს თასის მოქმედ მფლობელებს (ბოლოს 4 დღის წინათ გორში) და პირველად თავის ისტორიაში ნახევარფინალს უწიეს.

სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელ თამაშს ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად მოძალებული პრობლემებისა, „დილა“ საჩემპიონო ამბიციებს ვერ ელევა, „ჩიხურას“ კი საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი აქვს და აქედან ამ მატჩის აქტუალობაც გასაგები იყო.

უნდა ითქვას, რომ პრინციპული დაპირისპირებისთვის მასპინძლებმა ადრე დაშავებული დათო კირკიტაძის, დავით დიღმელაშვილის და ედიკ საჯაიას გარდა, ვაჟა ლომაშვილი, შოთა კაშია და გიორგი რეხვიაშვილიც გამოაკლდათ. წინასწარ ვიტყვით, ეს დანაკარგი „ჩიხურასთვის“ აუნაზღაურებელი აღმოჩნდა. როგორც წესი, საშინაო მატჩებში საჩხერელები  უპირატესობას არავის უთმობენ და თამამად უტევენ მეტოქეს, მაგრამ დღეს მათ უფრო  მეტოქის იერიშების განეიტრალებაზე მოუხდათ ფიქრი. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის.

მე-2 წუთზე გორელებმა საკუთარი საჯარიმოს წინ რევაზ გოცირიძე წააქციეს. დავით ოდიკაძემ სტანდარტულიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბექა შეყრილაძემ ნახტომში მოიგერია ბურთი. ეს იყო და ეს. შესვენებაზე საჩხერელები სერიოზულად ერთხელაც აღარ დამუქრებიან მეტოქეს, თავად კი ნახსენები ეპიზოდიდან სულ რაღაც ნახევარ წუთში მიიღეს ბურთი. „დილას“ სწრაფი შეტევა ეფექტური გოლით ირაკლი მოდებაძემ დააგვირგვინა.

აქტიურად მოთამაშე სტუმრებს შემდგომში ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ. მე-11 წუთზე გოგიტა გოგუას მიერ სახიფათოდ დარტყმული გიორგი სომხიშვილმა უკუაგდო, მაგრამ გადმოვარდნილთან გიორგი აბურჯანია გაჩნდა, რომელმაც უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. სამ წუთში მასპინძლები დაცვაში შეცდნენ და მოდებაძე ძალიან ახლო იყო მიზანთან, მაგრამ სომხიშვილმა არ გაატანინა. მე-20 წუთზე სტუმრებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და გოგუას მიერ მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს მოდებაძემ ვარდნაში თავური შეაგება, მაგრამ ხარიხას გადააცილა. მერე მიხაილ გორელიშვილსაც  მართებდა გატანა, მაგრამ ახლოდან ვერ მოარტყა ჩარჩოში.

როგორც ვთქვით, პირველ ტაიმში „დილას“ უპირატესობა აშკარა გახლდათ, მეორე ნახევარში კი თამაშის სურათი სულ სხვა იყო. ინიციატივა „ჩიხურამ“ იგდო ხელთ და  უკვე „დილას“ მოუხდა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

პირველი საგოლე მომენტი 50-ე წუთზე შეიქმნა. დავით ბოლქვაძის პასით ბესიკ დეკანოიძე, ფაქტობრივად, ბექა შეყრილაძესთან პირდაპირ დარჩა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მალევე ნიკო კვასხვაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა სახიფათოდ - გორელთა კიპერმა კუთხურზე გადააგდო ბურთი. მომდევნო შეტევის დაგვირგვინებას ბოლქვაძე შეეცადა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და შეყრილაძე იოლად დაეუფლა ბურთს. მაგრამ, როგორც იქნა, სამართალმა პური ჭამა და ანგარიშიც გათანაბრდა. თემურ ნადირაძის გადაცემის შემდეგ დეკანოიძემ მოხდენილი დარტყმით დალაშქრა „დილას“ კარი - 1:1.

ეს ანგარიში მცირე ხნით შენარჩუნდა. გაშვებული ბურთის შემდეგ გორელებმა ისევ გამოიღეს ხელი და სწრაფად შეუტიეს მეტოქეს. ერთ-ერთი იერიშისას გიორგი კახელიშვილი მარცხნიდან შეიჭრა „ჩიხურას“ საჯარიმოში, სადაც დავით ოდიკაძის ფეხზე წამოეგო და არბიტრმა მომენტალურად 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიათითა. ირაკლი მოდებაძემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა, დუბლი მიითვალა და ამით თავის გუნდს მეტად საჭირო გამარჯვებაც აზეიმა.

ბოლოსკენ მასპინძლებმა ისევ გაიბრძოლეს, თუმც  უშედეგოდ.

სამწუხაროდ, მატჩს უექსცესოდ არ ჩაუვლია. დასრულებამდე 10 წუთით ადრე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მაყურებელმა ტრიბუნიდან მოედანზე პლასტმასის  ბოთლი ისროლა. თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ტრიბუნაზე წესრიგის დამყარებაში სამართალდამცავებს „ჩიხურას“ ფეხბურთელებიც დაეხმარნენ.

ივანწმინდაში ჩატარებული ჩემპიონატის 13 თამაშიდან „ჩიხურამ“ გუშინ მეორედ წააგო. პირველი მარცხი საჩხერელებმა გასული წლის 4 ნოემბერს იწვნიეს და მაშინაც „დილასთან“...

ვალდას ივანაუსკასი: „პრობლემები მოგვეძალა, მათ შორის მთავარი - ფინანსური, მაგრამ ხელმძღვანელობა მდგომარეობის გამოსწორებას დაგვპირდა. უახლოესი ოთხშაბათისთვის  სახელფასო დავალიანებები გასტუმრებული იქნება. თამაშს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერი პირველი ტაიმში უნდა დაგვემთავრებინა. ერთი გავიტანეთ, მაგრამ კიდევ 3-4 უნდა შეგვეგდო. ღმერთის წყალობით, შესვენების შემდეგ, გააქტიურებულ მეტოქეს თამაშის გადარჩენის საშუალება არ მივეცით. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარ რჩება. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, რა გამოვა.“

სოსო ფრუიძე: „სამწუხაროდ, გუნდი  ლაზარეთს დაემსგავსა. როგორც წინა ტურებში, ახლაც განახევრებული ძირითადით მოგვიწია თამაში. ბიჭებს რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. მეორე ტაიმში მეტოქეს უპირატესობა აღარ დავუთმეთ და საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა.“

„ჩიხურა“(საჩხერე) – „დილა“(გორი) 1:2 (0:1)

საჩხერე. ივანწმინდის სტადიონი. 14 აპრილი. 16 საათი. 500 მაყურებელი

„ჩიხურა“: სომხიშვილი(კ), ბერიანიძე, გუშარაშვილი (თ. ნადირაძე, 43), ლ. ჭელიძე, ნ. კვასხვაძე (დემეტრაშვილი, 70), ძამსაშვილი, ჩიკვაიძე, დ. ბოლქვაძე, გოცირიძე, ოდიკაძე (ზ. ნადირაძე, 80), დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„დილა“: შეყრილაძე, კვახაძე, თოთაძე, კვირკველია, ბეჭვაია, არზიანი (ი. მაისურაძე, 74), აბურჯანია (არაბული, 46), გოგუა, გორელიშვილი (რამოსი, 46), კახელიშვილი, მოდებაძე

მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი

გოლი: 1:0 მოდებაძე (4), 1:1 დეკანოიძე (73), 1:2 მოდებაძე (78, პენ.)

გაფრთხილება: გოგუა (19), დეკანოიძე (36), ჩიკვაიძე (77)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ერქვანია, თ. ხუჭუა

I-VI ადგილებისთვის

ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (4), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (68), 1:2 ირაკლი მოდებაძე (1:2)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბექა ტუღუში (17), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (90)

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლევან ხმალაძე (49)

1. დინამო (თბილისი) 27 19 6 2 71:20 63
2. დილა (გორი) 27 19 2 6 47:19 59
3. ტორპედო (ქუთაისი) 27 16 6 5 46:20 54
4. ჩიხურა (საჩხერე) 
27 15 5 7 40:27 50
5. ზესტაფონი 27 11 6 10 31:24 39
6. ზუგდიდი 
27 10 6 11 28:40 36

 

 VII-XII ადგილებისთვის

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 საბა ლომია (30), 1:1, 2:1, 3:1 აკაკი მიკუჩაძე (40, 58, 80)

 

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გოგი ფიფია (68)

 

1. მეტალურგი (რუსთავი) 27 12 6 9 27:29 42
2. მერანი (მარტვილი) 27 8 3 16 27:42 27
3. სიონი (ბოლნისი) 27 6 7 14 20:42 25
4. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 
27 5 8 14 17:38 23
5. დინამო (ბათუმი) 27 6 5 16 27:49 23
6. კოლხეთი (ფოთი) 
27 2 6 19 15:46 12

 

მეგოლეები:

 21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

 8 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)  

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)

 6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”),  მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (1, “სიონი”)   

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

 2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

იუზა კაციტაძე საჩხერედან


0.303546