ფეხბურთი

13:03 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძის დისკვალიფიკაციის ათვლა დაიწყო

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 29-ე ტურში, ზედა ექვსეულში ზაქათალის “სიმურგმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, საკუთარ მოედანზე “გაბალას” 2:0 აჯობა. ჩიხრაძეს გულშემატკივრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, რის გამოც თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა. “სიმურგს” 43 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

ქვედა ექვსეულში თოვუზის “თურანი” საკუთარ მოედანზე ბაქოს აზალ-თან 0:2 დამარცხდა. თოვუზელთა შორის ნიკა მაისურაძემ სრულად ითამაშა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დავით ჯანელიძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ირაკლი ბერაია 18-კაციან გაანცხადში არ ყოფილა. “თურანს” 27 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

გათამაშების აუტსაიდერმა განჯის “ქიაფაზმა” გასვლაზე “ხაზარ ლენქორანთან” 0:1 წააგო. სტუმართა სასტარტოში იყო გიორგი სეფიაშვილი, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. “ქიაფაზს” მხოლოდ 13 ქულა აქვს და პირველ ლიგაში დაქვეითებისგან ვერაფერი იხსნის.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” შინ “კოსტულენს” ვერ აჯობა – 1:1. “ზიმბრუში” შეუცვლელად გაისარჯნენ ბაქარ მირცხულავა და თორნიკე სტეფნიაშვილი, ხოლო კონსტანტინე გაბაშვილს არ უთამაშია. “ზიმბრუს” 29 ქულა აქვს და 12 გუნდში მეექვსეა.

უკრაინის პირველი ლიგის 28-ე ტურში, “სევასტოპოლმა”, სადაც მათე ღვინიანიძე თამაშობს, შინ უშუალო კონკურენტს, ალჩევსკის “სტალს” 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. ქართველი მცველი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “სევასტოპოლი” 18-გუნდიან გათამაშებას 50 ქულით ლიდერობს.

სომხეთის პრემიერლიგის მე-40 ტურში, “ულისესმა”, სადაც შოთა ჯიქია და თენგიზ უგრეხელიძე გამოდიან, “არარატთან” სტუმრად 0:0 ითამაშა. “ულისესს” 39 ქულა აქვს და 8 გუნდში მე-6 ადგილზეა.


0.139203