აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ზაქათალის “სიმურგის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, გუნდში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ამონარიდსაც “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
- რას ფიქრობთ “სიმურგის” პრეზიდენტ ანარ ბექიროვის ინტერვიუზე, რომელშიც მან ნათლად დააფიქისირა, რომ გუნდის შედეგები არ აკმაყოფილებს?
- გუნდი როდესაც ზედიზედ სამ თამაშს აგებს, ხელმძღვანელობა კმაყოფილი ვერ იქნება. თუ წარუმატებელი სერია გაქვს, უნდა გამოასწორო. სამწვრთნელო შტაბი ამაზე ფიქრობს. ჩვენი პრეზიდენტის ყოველ სიტყვას ყურადღებით ვეპყრობი.
- თქვენი ნდობის კრედიტი საგრძნობად შემცირდა. ხომ არ გიფიქრიათ, რომ კიდევ ორი წარუმატებელი მატჩის მერე “სიმურგიდან” წასვლა მოგიწევთ?
- სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები და არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამით დასრულდება. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. მომზადებიდან გამომდინარე ვგრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩემი აზრით, ვითარება გამოსწორდება.