ფეხბურთი

23:37 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოსა და მარცვალაძის ფაქტორი

თბილისის "დინამომ" დუბლი გაიმეორა

თბილისის "დინამომ" შარშანდელის მსგავსად დუბლი გაახერხა: ჩემპიონობასთან ერთად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასიც მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მალხაზ ჟვანიას გუნდმა 70 წუთი 10 კაცით ითამაშა, საჩხერელებმა ეს ვერ გამოიყენეს – იბრძოლეს, მაგრამ მარტო ბრძოლა და მონდომება არ კმარა. ოსტატობა არ ეყოთ.

საწყის 20 წუთში ტემპი დაბალი იყო და გამოვარჩევდით მხოლოდ გიორგი გველესიანის თავურს, მეკარე გიორგი სომხიშვილმა რომ აიღო. ბურთს უფრო ხშირად "ჩიხურა" ფლობდა, თუმცა თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა. მე-20 წუთზე კი დინამოელები 10 კაცით დარჩნენ – შორეული პასი გაკეთდა გიორგი გაბედავაზე, რომელიც თითქმის ერთი-ერთზე რჩებოდა მეკარესთან, მაგრამ გიორგი რეხვიაშვილმა წესები დაარღვია და მსაჯმა თორნიკე გვანცელაძემაც სამართლიანად უჩვენა წითელი ბარათი დინამოელთა მცველს. 10 კაცით უკვე მე-20 წუთზე...

სახიფათო საჯარიმო "ჩიხურამ" ვერ გამოიყენა, აი თბილისელებმა კი პირველივე შანსი გოლად გარდასახეს. მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს და ჩისკომ 15-16 მეტრიდან დაბალი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. ჩისკომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მოგვიანებით საგოლე პასიც გააკეთა. საერთოდ, ესპანელი შემტევი აშკარად გამორჩეული იყო მინდორზე ოთარ მარცვალაძესთან ერთად.

"ჩიხურამ" შეუტია, მაგრამ კარგად თამაშობდა დინამოელთა დაცვა და საყრდენი ნახევარმცველებიც ბევრის უფლებას არ აძლევდნენ "ჩიხურას" შემტევებს.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჩხერელებმა მაინც გაათანაბრეს: მარცხენა მცველმა გიორგი ქიმაძემ (ზოგადად, ამპლუით ნახევარმცველია) ფლანგიდან ჩააწოდა, ბურთი ყველას ასცდა და თითქოს გადადიოდა, მაგრამ გაბედავამ შემოატრიალა, ხოლო გიორგი დათუნაიშვილმა ახლოდან ზუსტად დაურტყა გიორგი ლორიას – 1:1.

დათუნაიშვილს ადრეც გაუტანია თასის ფინალში და მაშინაც თბილისის "დინამოსთან", ოღონდ მაშინ მისი გოლი გადამწყვეტი გამოდგა და "ვიტ ჯორჯიამ" 1:0 სძლია დინამოელებს. ეს 2010 წელს.

გათანაბრების შემდეგ, უპირატესობას "ჩიხურა" დაეუფლა, მცველებიც კი აქტიურად მიდიოდნენ წინ. ერთ მომენტში გაბედავა თავით ვერ მისწვდა ბურთს, რადგან ძლიერი ჩაწოდებული იყო – არადა, მარტო იყო და ხელს არავინ უშლიდა. აკი ვთქვით, საჩხერელთა მცველებიც ხშირად ერთვებოდნენ შეტევებშიო და სწორედ ამას მოჰყვა გადამწყვეტი გოლი, თუმცა სულაც არ ვაკნინებთ ჩისკოსა და მარცვალაძის მშვენიერ თამაშს: მე-60 წუთი იყო, ესპანელმა ორ მცველს შორის მოახერხა თითქმის დაკარგული ბურთის შენარჩუნება, მარჯვნივ გააყოლა მარცვალაძეს და ოთარმაც თავზე გადაუგდო ბურთი სომხიშვილს – ლამაზი გოლი იყო, 2:1.

სამ წუთში "ჩიხურას" არ გაუმართლა: გაბედავამ საჯარიმო შეასრულა და ძელს მოარტყა ბურთი. მალევე, ჯერ ლევან ხმალაძე, შემდეგ კი დეკანოიძე ითხოვდა პენალტის დანიშვნას. დეკანოიძე მარჯვნიდან შერბოდა და კვირკველიასთან კონტაქტისას დაეცა.

ბოლო 20 წუთში "ჩიხურასგან" უფრო გააზრებულ შეტევებს ველოდით, მაგრამ ქაოტურად გამოსდიოდათ. გუნდი ვერ იყენებდა რიცხობრივ უპირატესობას და ეს საერთოდ არ ემჩნეოდა თამაშს – დინამოელებმა ორგანიზებულად ითამაშეს და ამიტომაც იყო, ბოლოს რეალური საგოლე მომენტი აღარც შეუქმნიათ სოსო ფრუიძის შეგირდებს. შორიდან დარტყმები კი, გაბედავას, კაშიასა და ოდიკაძეს არაზუსტი გამოუვიდათ.

"დინამომ" მეთერთმეტედ მოიგო ქვეყნის თასი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებზე კი უკვე ვთქვით.  

მატჩის შემდეგ:

სოსო ფრუიძე: "კარგი თამაში იყო, მაგრამ ვალდებულები ვიყავით, რიცხობრივი უპირატესობა გამოგვეყენებინა. კონცენტრაცია დავკარგეთ, "დინამოს" გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და ეს არ გვაპატია. ვულოცავ მათ ამ მოგებას. მართლაც კარგი გუნდი ჰყავს "დინამოს".

შემოქმედებითი თამაში ვერ შევძელით. ოსტატობის ხარჯზე კი, დინამოელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს.

მსაჯებზე საუბარი საერთოდ არ მიყვარს, თუმცა ამჯერად ვიტყვი, რომ დეკანოიძის წაქცევისთვის პენალტი იყო დასანიშნი".

მალხაზ ჟვანია: "რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოიჩინეს, კარგად ითამაშეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს. იოლი არ იყო რიცხობრივ უმცირესობაში თამაში, თუმცა გამარჯვება შევძელით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, კლუბის პრეზიდენტთან ამ საკითხზე კონკრეტულად არ გვისაუბრია. ასე რომ, ჯერ ვერ გეტყვით". 

  

21.05. 19:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". 5000 მაყურებელი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩერე) 2:1 (1:0)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი (ხიდეშელი 25), ჩისკო (გორგიაშვილი 90), მერებაშვილი (პაპავა 70), მარცვალაძე.

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, კაშია, ქიმაძე, ხმალაძე, ბეჭვაია (ლომაშვილი 86), დათუნაიშვილი, საბა ლომია (ჩიკვაიძე 76), ჯიღაური (დეკანოიძე 53), გაბედავა.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ჩისკო (23), 1:1 დათუნაიშვილი (51), 2:1 მარცვალაძე (60)

გაფრთხილება: ჯიღაური (42), ხიდეშელი (53), გაბედავა (62), დეკანოიძე (69), დათუნაიშვილი (80)

გაძევება: რეხვიაშვილი (20, ბოლო იმედის ჯარიმა)

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.275922