საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ტრიუმფალური გამარჯვებით დაიწყო. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საწყის მატჩში, ზაალ ჩიტალაძის შეგირდები ესტონელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 8:0 გაანადგურეს.
გულშემატკივარი რომ უკეთ გაერკვეს, აღნიშნული შეჯიბრის არსს თავიდანვე გაგაცნობთ. 2012 წლის ევროპირველობამ არსებობის ისტორიაში, მონაწილეთა რეკორდული რიცხვი შეკრიბა. სულ ტურნირში 42 ნაკრები ჩაებმება, რომელთაგან 24 ბრძოლას პირველი ეტაპიდან იწყებს. ისინი ექვს კვარტეტში არიან გადანაწილებულნი, ჯგუფების გამარჯვებულები კი მე-2 რაუნდში პირდაპირ დაშვებულ 18 გუნდს შეუერთდებიან.
პირველი ეტაპის მატჩები იანვარში დასრულდება, მე-2 ჯგუფური რაუნდის შეხვედრები კი - 24-27 თებერვალს შედგება. ფინალურ ეტაპს ხორვატია უმასპინძლებს, ხოლო მისი საგზური მასპინძელთა გარდა, 11 უძლიერესს ერგება. შესაბამისად, მე-2 ეტაპიდან ფინალში ექვსი ჯგუფის გამარჯვებულები და ხუთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გააღწევს.
პირველ რაუნდში, საქართველოს ეროვნული გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები, მასპინძელი მაკედონია, ინგლისი და ესტონეთი არიან. საწყის შეხვედრაში ქართველები ბალტიისპირელებს დაუპირისპირდნენ და როგორც აღვნიშნეთ, მოწინააღმდეგე უშანსოდ დატოვეს.
სკოპიეში გამართულ მატჩში, რომელსაც აზერბაიჯანელი, სომეხი და ყაზახი არბიტრები სჯიდნენ, ყველაფერი უკვე მე-5 წუთზე გაირკვა, როდესაც ქართველებს უკვე 3 გოლი ჰქონდათ გატანილი, შემდეგ კი სხვაობა გეგმაზომიერად იზრდებოდა.
ყველაზე მეტად, თავი გუნდის კაპიტანმა, დავით ბობოხიძემ და არჩილ სეფისკვერაძემ გამოიჩინეს, რომელთაც სამ-სამი გოლი გაიტანეს, თითოჯერ კი დიმიტრი მაყაშვილმა და შოთა ჭანუყვაძემაც იხეირეს.
პირველი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებთან ერთად, C ჯგუფში მაკედონია გალიდერდა, რომელმაც ინგლისს 3:1 სძლია. 22 იანვარს, ქართველები სწორედ ბრიტანელებს დაუპირისპირდებიან, 24-ში კი, მასპინძლებთან, სავარაუდოდ, გადაწყვეტ შეხვედრას ჩაატარებენ.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ფუტსალში. პირველი ჯგუფური ეტაპი. C ჯგუფი. სკოპიე (მაკედონია)
საქართველო – ესტონეთი 8:0 (5:0)
საქართველო: ალექსანდრე ჯამბურია, ლევან კობაიძე, დიმიტრი მაყაშვილი, დავით ბობოხიძე, არჩილ სეფისკვერაძე; დავით ყეფაშვილი, შოთა ჭანუყვაძე, მურთაზ კაკაბაძე, რევაზ დევდარიანი, ზურაბ შერმადინი, კახაბერ მაისაია, დავით ლუკავა.
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე.
გოლები: ბობოხიძე (2, 20, 23), სეფისკვერაძე (2, 5, 25), ჭანუყვაძე (12), მაყაშვილი (35).









