კალათბურთი

18:26 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიკაგომ" "ბრუკლინის" ბარიერი გადალახა

 

დასრულდა ნბას 2012-13 წლების სეზონის პლეიოფის პირველი რაუნდი, რომელიც ჯამში ძალზედ საინტერესო გამოდგა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მაყურებელმა ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და დაძაბული სერიები იხილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების მეოთხედფინალებში. "მაიამიმ" და "სან ანტონიომ" ძალზედ იოლად -  4:0 გაანადგურეს საკუთარი მეტოქეები ("მილუოკი" და "ლეიკერსი"), დარჩენილი 6 წყვილიდან კი გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო მინიმუმ 6 მატჩის გამართვა გახდა.

"ჩიკაგოს" კალათბურთელებმა უკანასკნელებმა მოახერხეს კონფერენციის ნახევარფინალის საგზურის მოპოვება, გადამწყვეტ მეშვიდე მატჩში დაამარცხეს რა მისსავე ტერიტორიაზე "ბრუკლინ ნეთსი" 99:93.

შეხვედრის დაწყების წინ "ჩიკაგოს" სტატისტიკა აშკარად უარყოფითი გააჩნდა, რადგან კლუბის არსებობის ისტორიაში არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ "ბულზს" პლეიოფის გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი მეტოქის ტერიტორიაზე გაემართოს და იქ წარმატება მოეპოვებინოს (0-6).

ტომ ტიბოდოს გუნდის ძირითადი შემადგენლობის დაკომპლექტებისასაც უდიდესი პრობლემები ქონდა, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო "ხარებს" დერიკ როუზი, ლუოლ დენგი, რიპ ჰემილტონი და კირკ ჰაინრიხი აკლდა, მათი ადგილი კი ძირითადად ახალგაზრდა და ჯერჯერობით გამოუცდელმა მოთამაშეებმა შეავსეს.

მატჩი სტუმრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდანვე გამოიკვეთა, რომ "ჩიკაგო" იოლად არაფერს არ დათმობდა. სამწამიან ზონაში დომინირებდა ფრანგი ჯოაკიმ ნოა, რომელმაც პირველ მეოთხედში ერთბაშად ოთხჯერ მოხსნა ბურთი მეტოქის კალათზე და 10 ქულის დაგროვებაც შეძლო. "ბრუკლინის" რიგებში კი გამორჩეული დერონ უილიამსის და ჯერალდ ვოლესის წყვილი გახლდათ, რომელთაც შორი და საშუალო დისტანციებიდან დაბომბეს მეტოქე და არ მისცეს საშუალება "ბულზს"' ანგარიშში წინ გაქცევისა (25:29).

მეორე მეოთხედის სტარტზე   ჯიმი ბატლერის და მარკო ბელინელის ზუსტი ტყოცნების შემდეგ "ჩიკაგოს" უპირატესობა სოლიდური გახდა 34:25. პი ჯეი კარლესიმომ ტაიმაუტი აიღო და ტაქტიკა შეცვალა, "ნეთსმა" ძირითადი აქცენტი წინა ხაზის მოთამაშეებზე გააკეთა - ანდრე ბლაჩი და ბრუკ ლოპესი მეტად დაიტვირთნენ სამწამიან ზონაში. ამან მასპინძლები სრულ კატასტროფამდე მიიყვანა, რადგან კარლოს ბუზერი შეტევასა და დაცვაში აშკარად ჩაგრავდა მასზე ბევრად ნელ ბლაჩს, ნოამ კი 12 წუთის განმავლობაში ოთხჯერ დაუფარა ლოპესს.ამავდროულად  "ჩიკაგოს" ღრმა სათადარიგოებმა მარკიზ ტიგმა, დეჯუან კუკმა  და ნაზრ მოჰამედმა დიდ შესვენებამდე 2 წუთით ადრე მორიგი გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს და პირველი ტაიმის შემდეგ სტუმართა ჰანდიკაპი 17 ქულას შეადგენდა 61:44.

მატჩის მეორე ნახევარში "ბრუკლინმა" ძალიან მოინდომა, როგორც იქნა გამოიღვიძა "ჩრდილში" მყოფმა ჯო ჯონსონმაც, რომელმაც ზედიზედ ორი ტყორცნა ჩასვა კალათში, დერონმა თავისი საფირმო სოლორეიდებით სისხლი გაუშრო მეტოქეს და ბოლო პერიოდის წინ "ბრუკლინს" დასაქაჩი 7 ქულაღა ქონდა, თუმცა ისევ და ისევ ჟოაკიმ ნოას ბრწყინვალე გარჯის შედეგად "ჩიკაგომ" საფინალო სირენამდე წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული მცირე უპირატესობა და საბოლოოდ 99:93 იმარჯვა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ "ჩიკაგომ"  "ნეთსი" აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ ეტაპზე 4:3 დაამარცხა და პლეიოფის მეორე რაუნდში მოქმედ ჩემპიონ "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება. 

ასე რომ, დასრულდა სადებიუტო სეზონი ახალგაზრდა თორნიკე შენგელიასთვისაც, რომელმაც რეგულარული გათამაშება საკმაოდ კარგად ჩაატარა და მასზე მიცემული შანსები მაქსიმალურად გამოიყენა, პლეიოფში თამაშის გამოცდილება კი სამწუხაროდ ვერ დააგროვა, რადგან პი ჯეი კარლესიმომ იგი სერიის არცერთ მატჩში 13 კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

 

ბრუკლინი - ჩიკაგო 93:99 (25:29, 19:32, 31:21, 18:17)

ბრუკლინი: უილიამსი (24), ჯონსონი (6), ლოპესი (21), ევანსი (2), ვოლესი (19); ბლაჩი (9), ბრუქსი (4), ჰამფრიზი (3), ვოტსონი (5)

ჩიკაგო: რობინსონი (12), ბელინელი (24), ნოა (24+14მ+6დ), ბუზერი (17), ბატლერი (9); გიბსონი (4), ტიგი 94), მოჰამედი (2), კუკი (3)

 

ჩიკაგომ მოიგო სერია 4:3

 

 

0.301212