"ბრუკლინთან" უშანსოდ წაგებული პირველი საპლეიოფო მატჩის შემდეგ, რიგით მეორე დაპირისპირებას, რომელსაც ამჯერადაც Barclays Center-მა უმასპინძლა, "ჩიკაგო” სრულიად სახეცვლილი და მოტივირებული შეხვდა. "ბულზის" მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ყოველთვის ძლიერ სპეციალისტად მიიჩნეოდა, მისი მთავარი პლუსი კი ის გახლავთ, რომ უარყოფითი შედეგისას შეუძლია ძალიან მალე გადააწყოს გუნდის ტაქტიკა და სანახევროდ წაგებული მატჩი ან სერია საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანოს. მისმა დამოძღვრილმა "ჩიკაგომ" დაცვაზე ორიენტირებული და გუნდური კალათბურთი შესთავაზა მეტოქეს, რომლის დროსაც შეცდომათა რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. სათადარიგოთა სკამზე არსებული მცირე რესურსის მიუხედავად, "ბულზმა" მაქსიმალურად გამოიყენა კალათბურთელთა შესაძლებლობები და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშითაც იმარჯვა - 90:82.
მატჩის პირველ მეოთხედში მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტიეს და სცადეს, "ბულზი" სწრაფ კალათბურთში აეყოლიებინათ, თუმცა "ჩიკაგომ" აღარ გაიმეორა წინა მატჩში დაშვებული შეცდომები და ძირითადად პოზიციური შეტევებით ცდილობდა წარმატების მიღწევას. სამწამიან ზონაში კვლავ ძალზე პასიური იყო ჟოაკიმ ნოა, რომელიც არაა სასურველ სპორტულ კონდიციებში. მან რამდენიმეჯერ პოზიციური ბრძოლა წააგო რეჯი ევანსთან და ბრუკ ლოპესთან, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისას კი "გადაამეტა" და საბოლოოდ 2 პერსონალური ფოლით სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის მაგივრად კი ვეტერანი ნაზი მოჰამედი შემოვიდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. ძალიან კარგად ირჯებოდა კირკ ჰაინრიხი, რომელიც ძირითადად თანაგუნდელების პასებით მომარაგებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა როგორც კი უმეთვალყურეოდ დატოვებდნენ პერიმეტრზე, მყისიერად სჯიდა "ნეთსს" ზუსტი სამქულიანით.
მასპინძლეთა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გუნდის ლიდერ დერონ უილიამსს არა და არ წაუვიდა თამაში, რამდენიმე აცილებული ტყორცნის შემდეგ იგი ცდილობდა, აქცენტი თანაგუნდელებზე გაეკეთებინა, თუმცა ვერც ისინი ბრწყინავდნენ მაინცდამაინც. ჯო ჯონსონი კვლავ არ აპირებდა "ჩრდილიდან" გამოსვლას, ისევე, როგორც ჯერალდ უოლესი. ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე ბრუკ ლოპესმა აიღო, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ზედიზედ ოთხჯერ ჩააგდო ბურთი და ცოტა გამოაცოცხლა დიდი შესვენების წინ საკუთარი გუნდი - 46:47.
მეორე ტაიმის სტარტზე კარლოს ბუზერის და ლუოლ დენგის თავგანწირული თამაშის წყალობით, სტუმრები 12-ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდის წინ სერიოზული განაცხადი გააკეთეს საბოლოო გამარჯვებაზე. პი ჯეი კარლესიმომ რამდენიმეჯერ შეცვალა ტაქტიკა, სცადა, სათადარიგო მოთამაშეთა შეხვედრაში ჩართვით გამოეწორებინა მდგომარეობა, მაგრამ მხოლოდ ანდრე ბლაჩის ეპიზოდური აქტიურობა "ნეთსს" არაფრად ეყო. სათამაშო დრო იწურებოდა, "ჩიკაგო” კი მშვიდად განაგრძობდა კომფორტული უპირატესობით ლიდერობას. "ბრუკლინმა" ბოლო ძალები მოიკრიბა და გაიბრძოლა - ჯო ჯონსონმა ზედიზედ ორ შეტევაში ზუსტი სამიანები "ჩააკალათა" და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 76:80. ტომ ტიბოდომ მოახლოებული საშიშროება იგრძნო და სასწრაფოდ ტაიმაუტი აიღო, რამაც შედეგი გამოიღო. გონს მოსულმა "ჩიკაგომ" მწყობრად შეუტია და ჟოაკიმ ნოას კარგი თამაშის წყალობით, თავდაჯერება და გამარჯვება ერთდროულად მოიპოვა - 90:82, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1).
შეხვედრის MVP წარმოშობით სუდანელი ლუოლ დენგი გახდა, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში მოედნის მთელ პერიმეტრზე თავდაუზოგავად იმუშავა და საბოლოოდ ორმაგი დუბლიც შეასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.
"ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია დარბაზში იმყოფებოდა და აქტიურად გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან. მცირე ტრავმის გამო, თოკო სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" საკუთარ არენაზე მეორე მატჩიც მოუგო "მემფისს" და 2:0 დაწინარუდა სერიაში.
თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ, კრის პოლმა საკუთარი გუნდის ლიდერობა ითავა. იგი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ახერხებდა ყოფნას, თანაგუნდელებს პასებითაც ამარაგებდა და თავადაც უხვად იხვეჭდა ქულებს. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, მასპინძლები სტუმრებს 10-ქულიანი ჰანდიკაპით გაექცნენ, თუმცა ლაიონელ ჰოლინზმა დროულად მოიყვანა საკუთარი გუნდი გონს, მაიკლ კონლის სათამაშო ინტელექტის გამოყენებით "გრიზლიმაც" გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაიწყო თამაშის დაქაჩვა. საფინალო სირენამდე 100 წამით ადრე ზაკ რენდოლფმა გრძელი პასით სწრაფ კონტრშეტევაზე გაქცეული არტური მონახა, რომელმაც "ენდ ვანი" გამაოდნო - 89:89. საპასუხო შეტევაში "სი-პი 3-მა" ჩვეულ სტილში ცრუ მოძრაობებით თავბრუ დაახვია მეტოქეს და კვლავ წინ გაიყვანა მასპინძლები - 91:89. ნბა-ს დასრულებული რეგულარული გათამაშების საუკეთესო დამცველად დასახელებულმა მარკ გაზოლმა დაამტკიცა, რომ შეტევაშიც ძალიან კარგია, როდესაც მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 13 წამით ადრე ანგარიში ისევ გაათანაბრა - 91:91. Staples Center-ში ჰაერიც კი დაიმუხტა. კრის პოლმა ამჯერადაც ყველაფერი იდეალურად კარგად შეასრულა, ტონი ალენის წინააღმდეგობა იოლად გადალახა და საფინალო სირენასთან ერთად "ბაზერ ბითერი" შემოგვთავაზა - 93:91. კალიფორნიელებმა უდიდესი ნაბიჯი გადადგეს კონფერენციის ნახევარფინალის საგზურისკენ.
ბრუკლინი - ჩიკაგო 82:90 (17:20, 29:27, 11:22, 25:21)
სერიის ანგარიში – 1:1
ბრუკლინი: უილიამსი (8), ჯონსონი (17), ლოპესი (21), ევანსი (4), ვოლესი (2); ბოგანსი, ბლაჩი (8), ვოტსონი (10), სტეკჰაუზი (4), ჰამფრიზი (8)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (13), ბატლერი (5), ნოა (11+10მ), ბუზერი (13+12მ), დენგი (15+10მ); მოჰამედი (8), რობინსონი (11), გიბსონი (6), ბელინელი (8)
კლიპერსი - მემფისი 93:91 (26:26, 24:18, 25:27, 18:20)
სერიის ანგარიში - 2:0
კლიპერსი: პოლი (24), ბილაფსი (5), ჯორდანი (4), გრიფინი (21), ბატლერი (9); კროუფორდი (15), ბარნსი (7), ჰოლინზი, ოდომი, ბლედსოუ (8), ტურიაფი
მემფისი: კონლი (28), ალენი (16+10მ), გასოლი (17), რენდოლფი (13), პრინსი (6); არტური (9), ბეილისი (2), პოინდექსტერი, დულინგი, დევისი