სტატიები

13:42 | 22.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგო ბულზი”

წინა სეზონები: მზადება ჩემპიონობისათვის
“ბულზის” გენერალური მენეჯერი გარი ფორმანი კლუბში მოსვლის დღიდან (21 მაისი, 2009) შეუდგა საჩემპიონო გუნდის მშენებლობას. 2010 წელს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოწვეული იქნა ტომ ტიბოდო, გუნდის უდავო ლიდერ და მთავარ ვარსკვლავ დერიკ როუზს კი  დამხმარედ  “იუტა ჯაზიდან” მოუყვანეს მძიმე ფორვარდი კარლოს ბუზერი, რომელიც შესანიშნავი გახლავთ “პიკენროლების” გათამაშებისას - იგი საშუალოდ მატჩში 19,5 ქულას, 11,2 მოხსნას და 3,2 შედეგიან გადაცემას ასრულებდა. გუნდს სამი ნომრის პოზიციაზე ბრწყინვალე მოთამაშე ჰყავს ლუელ დენგის სახით, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ხოლო ცენტრის პოზიცია ელიტარული დონის მოთამაშეს ფრანგ ჟოაკიმ ნოას უკავაია. ამ შემადგენლობას თუ დავუმატებთ რიპ ჰემილტონს, რონი ბრიუერს, ომერ აშიკს და კეიტ ბოგანსს, მივიღებთ საკმაოდ დაბალანსებულ გუნდს, რომელსაც სერიოზულად ჰქონდა პრეტენზია საჩემპიონო ბეჭდების მოპოვებაზე, თუმცა 2012 წლის პლეი ოფის პირველივე მატჩში დერიკ როუზის საშინელმა ტრავმამ აბსოლუტურად გააფუჭა სურათი, “ბულზმა” სერია დათმო “ფილადელფიასთან” და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დერიკ როუზის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ საშუალო დონის გუნდია.
ახალი სეზონის სტარტის წინ კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა რეგულარულის მიმდინარეობისას გუნდის ძირითადი გამთამაშებელი პარკეტზე დაბრუნებას, მისი არყოფნის პერიოდში  კი “ჩიკაგო” შეეცდება  პირველი ნომრის პოზიცია კირკ ჰაინრიხით და ახალგაზრდა მარკიზ ტიგით შეავსოს.

მთავარი მწვრთნელი: ტომ ტიბოდო
ტომ ტიბოდო 1989 წლიდან მუშაობდა ნბა-ს სხვადასხვა კლუბებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და 21 წლიანი გამოცდილების ფონზე 2010 წლის 5 ივნისს დაინიშნა “ჩიკაგოს” მთავარ მწვრთნელად. მან სადებიუტო სეზონშივე გუნდს 62 მატჩი მოაგებინა რეგულარულ გათამაშებაში და “ხარები” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანა, რის შედეგადაც დამსახურებულად მოიპოვა წლის  საუკეთესო მწვრთნელის ტიტული. მის ხელში, მაიკლ ჯორდანის ერის შემდეგ, “ბულზმა” პირველად მოახერხა ცენტრალური დივიზიონის მოგება.
საკალათბურთო სპეციალისტების უმრავლესობა დერიკ როუზის აპრილში  მიღებულ მძიმე ტრავმას სწორედ ტომს აბრალებდნენ, როდესაც “სიქსერსთან” თითქმის მოგებულ თამაშში ბოლომდე დატოვა პარკეტზე გუნდის ლიდერი და მანაც უმძიმესი ტრავმა მიიღო, მაგრამ ტიბოდოს გამართლებაც საკმაოდ ბევრი აქვს: 1) პლეი ოფის პირველი თამაში იყო და უნდოდა სათამაშო ტონუსში მოეყვანა როუზი 2) მატჩის მეოთხე მეოთხედში “ფილადელფიამ” 20 ქულიანი ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანა და იყო შანსი რომ მეტოქეს თამაში შემოებრუნებინა 3) თამაშის ბოლო წამებზე მეტოქის მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმების შესასრულებლად  დერიკის დონის მსროლელი “ჩიკაგოს” სჭირდებოდა მოედანზე.
მიუხედავად ყველაფრისა, ტიბოდო დღესდღეობით ლიგის ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომლის  გუნდი პირველ რიგში დაცვაში ბრწყინვალე თამაშის ფონზე დადებით რეზულტატს აღწევს.

უკანა ხაზი: ჰაინრიხი, ჰემილტონი, დენგი
დერიკ როუზის ტრავმამ კირკ ჰაინრიხს მიეცა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო ჩიკაგოელი პუბლიკის წინაშე და ეძლევა ბრწყინვალე შანსი დაამტკიცოს, რომ იგი ჯერჯერობით ჩამოსაწერი ნამდვილად არ გახლავთ. გასული სეზონის “ატლანტას” სათადარიგოთა სკამზე გატარების შემდეგ, როდესაც მხოლოდ რიგ ეპიზოდებში ეძლეოდა მატჩში ჩართვის საშუალება, ამჯამად “ბულზში” მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. დაცვაში თამაში მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. ჰაინრიხი თუ შეძლებს და საკუთარი ინდივიდუალიზმის შემცირების ხარჯზე მთელ კონცენტრაციას გადაიტანს თანაგუნდელების შედეგიანი პასებით მომარაგებაზე, მისი როლი გაცილებით დასაფასებელი გახდება კლუბში.
რიპ ჰემილტონს ტრავმების ფონზე ძალიან იშვიათად ეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა, თუმცა როცა კი პარკეტზე გახლდათ, მაშინაც მეორე პლანის მოთამაშის  და როუზის დამხმარეს ფუნქციას ითავსებდა, თუმცა ამ უკანასკნელის ტრავმა მომავალი სეზონის სტარტზე რიპს  კიდევ ერთ შანს ჩუქნის გამოავლინოს მთელი თავისი პოტენციალი შეტევაში.
ლუელ დენგი გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია მეტოქის გუნდის ვარსკვლავებთან გამკლავება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. სტაბილურია საშუალო და შორი დისტანციებიდან ტყორცნებისას, მოწინააღმდეგის უყურადღებო პასის გადაწოდების შემთხვევაში ჩასაფრებულია ბურთის ჩასაჭრელად და დიდი სიწრაფით გადადის კონტრშეტევაზე. მისი ძლიერი ფიზიკური აღნაგობა აძლევს შესაძლებლობას რომ მეტოქესთან კონტაქტში შევიდეს და დატვირთოს ისინი პერსონალურებით. იშვიათად, მაგრამ შეტევებს ამთავრებს 3 წამიან ზონაში შესვლითაც. ფორმაში მყოფი დენგის პირობებში “ჩიკაგო” ლიგაში კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს.

წინა ხაზი: კარლოს ბუზერი, ჟოაკიმ ნოა
კარლოს ბუზერმა 2010 წელს “ჩიკაგოსთან” 80 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ჯერჯერობით ვერ ამართლებს ვერანაირად მასზე გაცემულ ავანსებს. “იუტა ჯაზში” მისი დუეტი დერონ უილიამსთან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ მთელ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, თუმცა, როუზთან სრულად შეთამაშების პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. სტატისტიკური მაჩვენებლების კატასტროფული ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად ეს ფაქტორიც შეგვიძლია მივიჩნიოთ. კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულში რამდენჯერმე სცადა მისი გაცვლა, თუმცა არ გამოვიდა, კარლოსი ალბათ ჩაამთავრებს თავის მდიდრულ კონტრაქტს კლუბში და თუ სურს, რომ  სხვა გუნდის მენეჯერებს მოაწონოს თავი, მაშინ სწორედ ამ სეზონში უნდა ულიდეროს “ბულზს”, რომელსაც ახალა ყველაზე მეტად სჭირდება ყოველ მატჩში კარლოსის 15 ქულა და 10 მოხსნა.
ჟოაკიმ ნოა დაცვაში თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ნბა-ში. იგი სრულად აკონტროლებს სამწამიან ზონას და აქტიურია როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის კალათზე მოხსნებში. დაჯილდოვებულია საკალათბურთო ინტელექტით და მოედნის კარგი ხედვით, ძალუძს თავისკენ მიიზიდოს რამდენიმე მოწინააღმდეგე და შემდეგ კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს გადააწოდოს ბურთი. დერიკის ტრავმა, დიდი ალბათობით, იმოქმედებს შეტევაში მის შედეგიანობაზე და ეს მაჩვენებლები აუცილებლად დაიკლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, სადღეისოდ იგი ტიბოდოს ერთ ერთი მთავარი დასაყრდენია გუნდური თამაშის მექანიზმში.

სათადარიგო მოთამაშეები: ნეიტ რობინსონი, მარკო ბელინელი, ჯიმი ბატლერი, ტაჯ გიბსონი, ვლადიმირ რადმანოვიჩი, ნაზრ მოჰამედი

კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულში არც თუ ისე ნაყოფიერად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა გუნდის მოთამაშეთა როტაცია მაინც დიდი რაოდენობით მოხდა. უკანა ხაზის დასახმარებლად მოწვეული იქნა მარკო ბელინელი, რომელმაც კაილ კორვერის წასვლის შემდეგ მისი ადგილი უნდა შეავსოს.
მიუხედავად ეფექტური “სლემ დანქებისა”, 175 სანტიმეტრის სიმაღლის ნეიტ რობინსონს გაუჭირდება ტომ ტიბოდოს დაცვითი სტილის კალათბურთისათვის ალღოს აღება, თუმცა შეტევის რიგ ეპიზოდებში “ბულზის “ თამაშს გაცილებით მრავალფეროვანს გახდის. წინა ხაზის მთავარ დამხმარედ კვლავ ტაჯ გიბსონი მოიაზრება, რომლის პროგრესი ნელ ტემპებში, თუმცა, მაინც მიმდინარეობს. ვლადიმირ რადმანოვიჩი გუნდში არსებული მაღალი მოთამაშეებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მოძრავია და როდესაც ტიბოდო გადაწყვეტს Mმეტოქეს სწრაფი ხუთეული დაუპირისპიროს, რადმანოვიჩს აუცილებლად გამოიყენებს. მითუმეტეს, მას თუ წაუვიდა მატჩში სამქულიანი ტყორცნები, მაშინ რადმანოვიჩის ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტიც შეიძლება გამოდგეს რიგ შეხვედრებში. ნაზრ მოჰამედი კი ტიპური მძიმე ცენტრია, მძლავრი ფიზიკური მონაცემებით და დაბალი სისწრაფით, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას პარკეტზე გამოჩენა მხოლოდ ჟოაკიმ ნოას დასვენების პერიოდში მოუწევს.

სასტარტო ხუთეული: კირკ ჰაინრიხი – რიპ ჰემილტონი – ლუელ დენგი – კარლოს ბუზერი – ჟოაკიმ ნოა

გუნდის ლიდეების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში

ქულები: დენგი 17,2

მოხსნები: ნოა 10,6

გადაცემები: რობინსონი 4,6

ჩაჭრები: რობინსონი 1,3

დაფარებები: ნოა 1,8

დაკარგვები: რობინსონი 2,4

დასკვნა
ტომ ტიბოდოს 2012-13 წლების სეზონის სტარტზე მოუწევს სრულიად შეცვალოს სათამაშო სტილი, თუ მეტწილად წინა სეზონებში გუნდი დერიკ როუზის ინდივიდუალური ქმედებებით გადიოდა ფონს, ახლა მის გარეშე “ჩიკაგოს” უფრო მეტი გუნდური კალათბურთის ჩვენება მოუწევს. უნდა მოუმატონ პირველ რიგში კარლოს ბუზერმა, ლუელ დენგმა და რიპ ჰემილტონმა, მაგრამ სამივე მოთამაშე ისეთ ასაკშია, რომ მათ თავიანთი საკალათბურთო პიკი უკვე გაიარეს და მათგან პროგრესი მაინც მოულოდნელი იქნება. ნეიტ რობინსონისა და კირკ ჰაინრიხის დამატებით კლუბი, როგორც წინა წლებში თამაშობდა სუპერდაცვით კალათბურთს, ახლა ამის შესრულება იმავე დოზით აშკარად გაუჭირდება.
გუნდის მთავარ მწვრთნელს ახალი, საკმაოდ მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს – მან უნდა დაამტკიცოს რომ მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები იძლევა იმის პოტენციალს, რომ გუნდის ლიდერის არყოფნის შემთხვევაში კლუბი მიაღწევს დადებით შედეგს.
“ჩიკაგოს” 10 საუკეთესო მომენტი გასული სეზონიდან

 

http://www.youtube.com/watch?v=Bwdoprbo8Q





გიორგი ბარბაქაძე

 

0.148218