2013 წლის 8 სექტემბერი ჭიდაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, შეიტანენ თუ არა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ერთ-ერთ ძირძველ სახეობას.
ხმის უფლების მქონე 104-მა დელეგატმა არჩევანი ჭიდაობას, ბეისბოლ-სოფთბოლსა და სქვოშს შორის უნდა გააკეთოს. კენჭისყრა საღამოს გაიმართება. იქამდე კი სამივე სახეობის საორგანიზაციო ჯგუფები წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო პროგრამებით შეეცდებიან დელეგატთა გულის მოგებას. უშუალოდ პრეზენტაციისთვის 20-20 წუთია დათმობილი. 10-10 წუთი კი კანდიდატებს დარბაზიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მიეცემათ.
უკვე დაზუსტებულია, რომ პრეზენტაციებს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია დახურავს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფილას სერბი პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი, კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი (2008) და ბრინჯაოს პრიზიორი (2012) კეროლ ჰიუნი, ფრანგი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი (2004) ლიზა ლეგრანი, კანადელი ოლიმპიური ჩემპიონი (2000) დანიელ იგალი და ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი (2005-2009), ოლიმპიური თამაშების (1988) მონაწილე ჯიმრ შერი.
შეგახსენებთ, ჭიდაობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღების გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2013 წლის დასაწყისში მიიღო, მაგრამ მას შემდეგ ამ სახეობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად წესები განაახლა. თავად ფედერაციის ხელმძღვანელობაც შეიცვალა და ოლიმპიურ პროგრამაში დასაბრუნებლად არაერთი სასარგებლო ნაბიჯი გადაიდგა. მიზნის მისაღწევად დასაძლევი ერთი ზღუდეღა რჩება.