ჭიდაობა

17:11 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ფედერაციის მკაცრი ვერდიქტი: მარსაგიშვილი და მაქარაშვილი 6 თვე დაისვენებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ანალოგიური სანქცია დაეკისრა თავისუფალთა გუნდის კიდევ ერთ წევრ იაკობ მაქარაშვილს (74 კგ) ამის შესახებ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ცოტა ხნის წინათ, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კურტანიძემ 9-10 ნოემბერს მოსკოვში ჩატარებულ “ევროპის ერთა თასზე” საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გამოსვლა შეაჯამა. შეგახსენებთ, ქართულმა გუნდებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მკაცრი სანქციის მიზეზი კი წინასწარ განაცხადში შეყვანილი სპორტსმენების ხალიჩაზე გაუსვლელობა გახდა. იაკობ მაქარაშვილი რუსეთში არ გაემგზავრა და ეს გადაწყვეტილება წინა დღეებში მიღებული ტრავმით ახსნა, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიზეზი დამაჯერებლად არ მიიჩნია. მარსაგიშვილი კი რუსეთში ირანიდან დაგვიანებით ჩავიდა, მაშინ, როდესაც აწონვები უკვე დასრულებული იყო და შესაბამისად, შეჯიბრებაში ჩართვაც ვერ მოასწრო.

“რომ არა ამ ორი მოჭიდავის უპასუხისმგებლობა, დღევანდელ პრესკონფერენციას “ევროპის ერთა თასის” მოგებას მივუძღვნიდით. მათ პირადი ინტერესები ნაკრების ღირსებაზე მაღლა დააყენეს და ამის გამო მეორე ადგილს დავჯერდით. იაკობ მაქარაშვილისა და დავით მარსაგიშვილის 6-თვიან დისკვალიფიკაციას ხელი უკვე მოვაწერე. 17 დეკემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება და იქ გადაწყდება, ეს ვადა ძალაში დარჩება თუ გაიზრდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დასჯილი სპორტსმენები საქართველოს და ევროპის ჩემპიონატებს გამოტოვებენ. ნაკრებთან ერთად ვარჯიშის უფლებას კი რა თქმა უნდა, არ ვართმევთ” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშუალოდ “ევროპის ერთა თასის” შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ორივე საჭიდაო სტილში ფინალში გავიდა. განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კარგი ჭიდაობა გამოარჩია, თუმცა ფინალში დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკური შეცდომა დაასახელა:

“მე ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და მწვრთნელის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ხანდახან ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობას ვხედავ. ტაქტიკურ შეცდომად ფინალის შემადგენლობაში გიორგი ცირეკიძის (84 კგ) და გურამ ფერსელიძის (120 კგ) არშეყვანას დავასახელებ. მათ რომ ეჭიდავათ, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები ვიქნებოდით. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგზე ცოტა გული დამწყდა, ბერძენ-რომაელთა მისამართით კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. გუნდმა, რომელიც წლის დასაწყისში დებიუტანტებით დაკომპლექტდა, უკვე უმაღლეს დონეზე ჭიდაობა შეძლო. ტურნირის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები “ევროპის ერთა თასზე” საუკეთესო იყო” – დასძინა კურტანიძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციას საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრნენ. დავით მარსაგიშვილი და იაკობ მაქარაშვილი კი დარბაზში არ იყვნენ.

0.188958