ჭიდაობა

10:59 | 31.07.2010 | ნანახია 4092 - ჯერ

ჭიდაობაში ძიუდოს დარბაზის გავლით

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დავით ხუციშვილმა (74 კგ), ასაკობრივ ტურნირებზე გამოსვლა დაასრულა და ძირითად ნაკრებში დასამკვიდრებლად იწყებს ბრძოლას. 20 წლის მოჭიდავემ, წლეულს ოქროს დუბლი შეასრულა - ერთთვიან ინტერვალში, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჭიდაობაში გადადგმული პირველი ნაბიჯების, ბრწყინვალე სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ხუციშვილი “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.
დავით ხუციშვილი: “ვარჯიში 2000 წელს, საგარეჯოში დავიწყე 10 წლის ასაკში. ჩემი პირველი მწვრთნელი რამაზ ასაბაშვილი იყო. მან მასწავლა საჭიდაო ანა-ბანა”.
- ჭიდაობა რატომ აირჩიე?
- თავიდან ძიუდოზე მიმიყვანეს, მაგრამ არ მიმიღეს, ჯერ პატარააო...
- 2008 წლიდან თბილისში გააგრძელე ვარჯიში...
- ალეკო კახნიაშვილთან გადმოვედი. იქამდე, ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ნაკრებშიც მოვხვდი. ევროპირველობაზეც ვიჭიდავე და სამეულში შევედი. ახალგაზრდულ გუნდში კი, ზედიზედ მეორე წელია ვჭიდაობ.
- შარშან, გაცილებით მოკრძალებული შედეგი გქონდა. როგორ ფიქრობ, ამ ერთ წელიწადში, რის ხარჯზე შეძელი შედეგიანობის ასე გაუმჯობესება?
- პირველყოვლისა, ძალიან ბევრი მუშაობით და მწვრთნელის მხარში დგომით. რა თქმა უნდა, გამოცდილებაც მომემატა. შარშანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, ხოლო მსოფლიოზე სამეულს მიღმა დავრჩი. წლეულს კი, ორივე უმთავრეს შეჯიბრზე ჩემპიონი გავხდი.
- ელოდი ასეთ შედეგიანობას?
- ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ორივე ჩემპიონატზე აუცილებლად ოქროს მედლებს მოვიპოვებდი. სურვილი კი ნამდვილად დიდი მქონდა და ვარჯიშში სულს და გულს ვაქსოვდი. ევროპულმა ოქრომ საკუთარი ძალის რწმენა გამიძლიერა და მსოფლიოს ჩემპიონობაზეც დავიწყე ფიქრი. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი...
- როგორც წესი, ფავორიტთა შორის, პირველებს რუს მოჭიდავეებს ასახელებენ ხოლმე. შენ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საჩემპიონო გზაზე ორივეჯერ რუსი მეტოქე ჩამოიცილე...
- ევროპის ჩემპიონატზე ზაურ მაკიევს მოვუგე. იქამდე, მას არასოდეს შევხვედროდი. მსოფლიოზე კი, რუსებმა მაკიევის ნაცვლად არსენ შალაევი დააყენეს, რომელთანაც საერთაშორისო ტურნირზე მქონდა წაგებული. ამჯერად ვაჯობე.
- ალბათ, არც თუ იშვიათად გიწევს გადაზრდილ მოწინააღმდეგეებთან ჭიდაობა. ეს რუსებიც, დასაშვებზე უფროსები ხომ არ იყვნენ?
- ამის მტკიცება ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ, ასე იქნებოდა. განსაკუთრებით, შალაევის შემთხვევაში. თუმცა, ასეთ დეტალებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.
- აქტიურ მოჭიდავეთაგან, საუკეთესოდ ვის მიიჩნევ?
- ძნელი სათქმელია. ყველასგან გამორჩეულს ვერ დავასახელებ.
- მისაბაძი სპორტსმენი თუ გყავს?
- რევაზ მინდორაშვილი. მუხლჩაუხრელად იშრომა და ყველა დიდი ტურნირის ჩემპიონი გახდა. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კი უხერხული მეტოქე, გიორგი კეტოევი დაამარცხა.
- ბუდაპეშტური მსოფლიოს ჩემპიონატით ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა დაასრულე. გული ხომ არ გწყდება?
- მომავალ წელს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს, შეიძლება, თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლოს. სიამოვნებით ვიჭიდავებდი ჩემი გულშემატკივრების თვალწინ, მეორე ოქროს მედლის მოსაგებად, მაგრამ სამწუხაროდ, ასაკი ამის უფლებას აღარ მომცემს.
- ძირითად ნაკრებში დასამკვიდრებლად ბრძოლას, როდიდან შეუდგები?
- ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას უახლოესი შეკრებიდანვე შევუერთდები. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. მძიმე შიდა კონკურენცია მელის, მაგრამ ეს არ მაშინებს. ცდას არ დავაკლებ, ძირითად გუნდში ადგილი რაც შეიძლება მალე მოვიპოვო.
- წონითი კატეგორიის შეცვლას ხომ არ გეგმავ?
- ზედმეტი წონის პრობლემა არ მაწუხებს. 74 კილოგრამამდე მხოლოდ უმნიშვნელოდ დაკლება მჭირდება ხოლმე. ასე რომ, მომავალშიც ამ წონაში ვიჭიდავებ.

ოთარ მაღლაკელიძე

 


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:58 | 07.08.2010
ex-freestyler (142)

მაგარი ვაჯკაცი... ვისაც აინტერესებს YOUთUBEზე NAXEთ მისი ჭიდაობა... ყველა ფავორიტი ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოიცილა ახალგაზრდულ მსოფლიოზე... მართლაც მომავალი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია 1000000%!!!

23:21 | 06.08.2010
THUG_LIFE (6436)

აა ძმაო კაცი, არამგონია ამას თავში აუვარდეს, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი

11:14 | 04.08.2010
goreli (7)

მადლობა გაიხარე. დგევანდელებიც გაგვაგებინე ხოლმე საგამოტი.

19:17 | 03.08.2010
goreli (7)

ვერა ვნახულობ კადეტების სედეგებს და რა ქნეს იქნებ გამაგებინოტ რაა?

16:41 | 03.08.2010
goreli (7)

კადეტები რას სვებიან დგეს ევროპაზე ხოარ იციტ?

20:50 | 02.08.2010
x1x1 (57)

Georgian-Power სხვებმა რა ქნეს?

11:19 | 02.08.2010
koki (163)

წარმატებები !

22:14 | 01.08.2010
x1x1 (57)

ყველასი

21:08 | 01.08.2010
x1x1 (57)

ირანის შედეგები დაწერეთ გთხოვთ....

13:02 | 01.08.2010
x1x1 (57)

დიდი მადლობა, თუ შეიძლება სხვა წონებზეც რო დადოთ ინფორმაცია... ლინკსაც თუ დაწერთ სულ უკეთესი...

19:44 | 31.07.2010
x1x1 (57)

ირანში მიმდინარე ტურნირის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დაწერეთ..

12:13 | 31.07.2010
v100ko (637)

კარგი, მონდომებული ბიჭი ჩანს, აუცილებლად ბევრს მიაძღწევს...

0.128163