ძიუდო

22:27 | 29.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობა დარბაზში და... ჭიდაობა ქუჩაში

ვინც არ დაიზარა და დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს - 29 მაისსაც მივიდა, ტატამზე ჩატარებული გეგმიური ჭიდაობების გარდა, ტატამსმიღმა ატეხილი აურზაურებითაც “ისიამოვნა”. ბევრს დარბაზში შესვლაც არ დასჭირდა. დარბაზს გარეთ უცქირა ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ძიძგილაობებს.
ჩემპიონატის პირველი დღის დავიდარაბების შემდეგ, მსგავსი უწესრიგობები მოსალოდნელიც იყო, მაგრამ პატარა იმედი მაინც გვქონდა, რომ ორგანიზატორები და მაყურებლები შეცდომებს გაითვალისწინებდნენ და პირველობაც შედარებით ღირსეულად ჩამთავრდებოდა. ნაკლებად სკანდალური დღე რომ გამოსულიყო, ეგებ ჭიდაობებსმიღმა უსიამოვნო ამბები გაკვრითაც აღარ გვეხსენებინა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და განვითარებული მოვლენების უყურადღებოდ დატოვება პირველყოვლისა მკითხველის უპატივცემულობა იქნებოდა.
შეხვედრები ტრადიციულად, სამ ტატამზე ჩატარდა და მთელი დღის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ერთი ტატამის გასწვრივ, მუდმივად აურზაური იყო ატეხილი. ხშირ შემთხვევაში, ტატამსმიღმა გარჩევების 2, ხანდახან კი 3 კერაც ჩნდებოდა. ვიდეოჩანაწერების გასაშვებ მონიტორსაც მუდმივად ხალხი ეხვეოდა. ამდენი უსიამოვნოს შემდეგ, აქვე სასიამოვნოზეც ვთქვათ – დღეს დიღომში არც ერთი ხმაურიანი დაპირისპირება სავალალო შედეგით არ დასრულებულა. არადა, საშიშროება მართლაც დიდი იყო.
ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ, ცხადია მსაჯები მოყვნენ და ამიტომაც იყო, რამდენიმემ ჩემპიონატის დასრულებამდე რომ დატოვა დარბაზი, აქაოდა ასეთი შეურაცხყოფა არც 80 ლარად მიღირს და არც მეტადო. რახან მსაჯები ვახსენეთ, მათი არაპროფესიონალიზმიც ვახსენოთ. ხალხი, რომელთა სიტყვაც, წესით და რიგით, კანონი უნდა ყოფილიყო, პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას ცოცხალი თავით ვერ ბედავდა, 2 მიზეზის: საქმის არასათანადოდ ცოდნისა და მაყურებელთა რისხვის შიშის გამო.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, დღეს ჩაჭიდავებულ ოთხ წონით კატეგორიაში ახალი და მოულოდნელი თითქმის არაფერი მომხდარა. ჩემპიონები ზუსტად ის ძიუდოისტები გახდნენ, შარშანდელ ახალგაზრდულ პირველობაზე რომ გაჩემპიონდნენ. 81 კილოგრამში ოქროს მედალს ავთო ჭრიკიშვილი დაეუფლა, ოღონდ შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, არა თბილისის, არამედ ქვემო ქართლის გუნდის სახელით იჭიდავა; არჩილ შინჯიკაშვილმა (90 კგ) 2009-შიც და ამჯერადაც ქვემო ქართლს მოუტანა ოქრო; მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) ერთი წლის წინათ მცხეთა-მთიანეთის წევრობისას გაჩემპიონდა, ახლა კი, თბილისის გუნდს მოუტანა უმაღლესი სინჯის მედალი; მძიმეწონოსანი უშანგი კოკაური ორჯერვე შიდა ქართლის სახელით ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე შიდა ქართლის გუნდი გავიდა, მე-2 შედეგი ქვემოქართლელებმა აჩვენეს, მე-3 – თბილისელებმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველნომრობისთვის კონკურენცია ჩემპიონატის ფინალისტებს შორის ჩეხეთის ევროპის თასზე გაგრძელდება. 31 ივლისსა და 1 აგვისტოს გასამართ საერთაშორისო ტურნირზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ორ შემადგენლობას იახლებს, შემდეგ კი, კანდიდატებს მოსამზადებელ შეკრებებზეც დააკვირდება და საუკეთესოებს, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში დაასახელებს. 17-19 სექტემბერს, სოფიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო 21-24 ოქტომბერს მაროკო მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
29 მაისი
81 კგ
1 ავთო ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)
2 გიორგი მერმანიშვილი (თბილისი)
3 ირაკლი დგებუაძე (აფხაზეთი)
3 არჩილ უსტარაშვილი (თბილისი)

90 კგ
1 არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი)
2 გიორგი ნოზაძე (თბილისი)
3 გიორგი სეტიელი (რაჭა-ლეჩხუმი)
3 გიორგი ცნობილაძე (იმერეთი)

100 კგ
1 მიხეილ ნარიმანიძე (თბილისი)
2 ონისე ბუღაძე (თბილისი)
3 გიორგი კობერიძე (აფხაზეთი)
3 ელგუჯა ბიბილაშვილი (იმერეთი)

+100 კგ
1 უშანგი კოკაური (შიდა ქართლი)
2 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)
3 ლევან მატიაშვილი (თბილისი)
3 გიორგი სულხანიშვილი (თბილისი)

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164542