საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სპორტულ ჟურნალისტებს არასტანდარტული პრესკონფერენციით გაეცნო. შვიდ ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ყოფილ, ამჟამად კი, სამინისტროს სააქტო დარბაზში, ბოლოდროინდელ წარმატებებზე სასაუბროდ ჭიდაობისა და ჭადრაკის ფედერაციების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. მინისტრის გვერდით ჯერ მოჭიდავეები დასხდნენ, შემდეგ მათ ადგილი მოჭადრაკეებს დაუთმეს. პრესკონფერენციის მიწურულს, ყველამ ერთად, იქვე გაშლილ მაგიდასთან გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მოჭიდავეებმა, 29 ივნისიდან ოთხ ივლისამდე, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამასთან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ კი, სომხეთის ქალაქ ჯერმუკში, ფიდეს გრან პრის მე-4 ეტაპი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
“ამიერიდან, ასეთი ლამაზი პრესკონფერენციები გვექნება”, – იხუმრა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ. შემდეგ კი, მინისტრს საქმის წარმატებულად დაწყება მიულოცა და სპორტის ყველა სახეობაში ჭიდაობის დარი შედეგიანობა უსურვა.
“ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ბულგარეთში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწიეს. მათ დაგვანახეს, რომ ამ სახეობას საქართველოში დიდი მომავალი აქვს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონები გახდნენ. ასეთი შედეგისთვის დიდი ხანია არ მიგვიღწევია. ყველას გილოცავთ. ნაკრებების მწვრთნელებსა და სპორტსმენებს კი, დიდი მადლობა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და ევროპული წარმატება ბიჭებისთვის კარგი სტიმული უნდა იყოს”, – განაცხადა გეწაძემ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა და ბერძენ-რომაელთა თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა აღნიშნეს, რომ საბოლოო შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ, თუმც ორივემ დაამატა - იყო წონითი კატეგორიები, სადაც უკეთ გამოსვლაც შეიძლებოდაო. ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის შუალედი ერთ თვეზე ნაკლებია. მწვრთნელებს ეს საკითხი ყველაზე მეტად აღელვებთ და აღნიშნეს კიდეც, თანაბარძალოვანი რეზერვი რომ გვყავდეს, მსოფლიოზე სხვა შემადგენლობას ვაჭიდავებდით, ახლა კი, მხოლოდ თითო-ოროლა ცვლილებას თუ განვახორციელებთო”.
მოჭადრაკეთაგან პირველი ოფიციალური კომენტარი ნანა ალექსანდრიამ გააკეთა. ნანა ძაგნიძეს და მოჭიდავეებს წარმატებები მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.
“გრან-პრიზე უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. მონაწილეთა შორის მსოფლიოს 3 და ევროპის 2 ჩემპიონი იყო და მათთან ჭიდილში ძაგნიძემ ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. პირველ-რვა ტურში იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ბოლო სამ თამაშში ყაიმებიც ხელს აძლევდა. საბოლოოდ, მე-2 ადგილზე გასულ რუსს, ტატიანა კოსინცევას 1,5 ქულით გაუსწრო, მესამეადგილოსან ლილიტ მკრტჩიანს კი - 2,5-ით. რეიტინგშიც დაწინაურდა და თუ ოქტომბრის ბოლოს, ჩილეში გასამართ ეტაპზეც წარმატებით გამოვა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის რუს ალექსანდრა კოსტენიუკს შეხვდება”, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა. თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მთავარ მწვრთნელს, ნუგზარ სხირელს კი, გორში ლამაზი დარბაზის მოწყობას დაჰპირდა.
“ვულოცავ ახალგაზრდა მოჭიდავეებსა და მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს წარმატებებს. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჭიდაობის სახეობებში ძლიერი თაობა მოდის. სამომავლოდ, ეს ბიჭები ძირითად ნაკრებში დამკვიდრდებიან და იქაც ასახელებენ საქართველოს. მინდა შთამბეჭდავი გამარჯვება მივულოცო ნანა ძაგნიძეს. გრან პრიზე გამარჯვებით, მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და წარმატებებს ვუსურვებ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტსმენებს ყველა პირობას შეუქმნის, რათა მათ მხოლოდ თავიანთ საქმეზე იფიქრონ და ქვეყანა ასახელონ. ვიცი, რომ გორის საჭიდაო დარბაზი ცუდ მდგომარეობაშია. შიდა ქართლის გუბერნატორობისას ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოვახერხე, რადგან მაშინ გაცილებით მძიმე და მნიშვნელოვან საკითხებზე გვიწევდა ფიქრი. ამჯერად, პირველ ყოვლისა გორის დარბაზს მივხედავთ. ინფრასტრუქტურის პრობლემას ნელ-ნელა მთლიანად მოევლება”.
ოთარ მაღლაკელიძე







